3 წელიწადში კახეთის მუნიციპალიტეტებში პრემიის სახით 6,6 მილიონი ლარი გაიცა
უწყებაში განმარტავენ, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ (ყვარელი, ახმეტა, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯო ლაგოდეხი, თელავი) მიაწოდა ჯამური ინფორმაცია წლების მანძილზე გაცენული პრემიების შესახებ, რის გამოც ბევრ შემთხვვევაში დაუდგენელია, თუ რა მოცულობის თანხა აიღეს დანამატის სახით კონკრეტული თანამდებობის პირებმა.
2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ. ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა. საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო. მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, კვლავ გრძელდება პრემიებისა და დანამატების რეგულარულად გაცემის პრაქტიკა.
„რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ. მუნიციპალიტეტების ნაწილში პრემიები თითქმის ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა. ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების საფუძველი. მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც წესი, პრემია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გაიცემა, (ახალ წელს, მარიამობას, დედისა და ქალთა, ასევე დამოუკიდებლობის დღეს), თუმცა ბევრგან პრემია და დანამატი არასადღესასწაულო პერიოდშიც აქტიურად გაიცემა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებს სახელფასო სარგოს ოდენობაზე მეტი პრემია აქვთ აღებული“, – განმარტევენ უწყებაში.
„საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“ მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, უახლოეს მომავალში დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელონ მათ მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებზე და შეიტანონ ცვლილებები თავიანთ დადგენილებებში.