სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტს 420 000 ლარის ზარალი მიაყენა
ჯუგაშვილის განმარტებით, დაზიანდა ნაპირსამაგრი გაბიონები, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლებთან მისასვლელი საავტომობილო გზები.
„ძირითადი ზარალი, რაც სტიქიის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტს მიადგა, არის ინფრასტრუქტურული. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში სტიქიამ დააზიანა ბეტონის კუბების გაბიონი და მისი ზარალი შეადგენს დაახლოებით 50 000 ლარამდე და, ასევე, ქვის გაბიონია დაზინებული 40 მეტრამდე და მის შესაკეთებლად საჭიროა 20 000 ლარამდე. ქალაქ ახმეტაში ბახტრიონის ხიდთან ნაპირდამცავი 180 მტერი სიგრძის გაბიონი სრულად განადგურდა და მის ასაშენებლად საჭიროა 140 000 ლარამდე. ქალაქ ახმეტის ჟალურის უბანში მთლიანად განადგურდა 500 მეტრი სიგრძის მიწა ყრილის დამბა, რომლის ზარალი 25 000 ლარამდე შეადგენს. ილტოს ხეობის სოფელ ჭართალის საავტომობილო ხიდთან დააზიანა მისასვლელი გზა და მისი შესასვლელი, რომლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 40 000 ლარი. ქვემო ალვანში იყო დრენაჟის ბუნებრივი დამცავი, რომელიც სრულად განადგურდა. დრენაჟის განადგურებისაგან დასაცავად საჭიროა 50 000 ლარი. სოფელ შახვეტილას საავტომობილო გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი სერიოზულად დაზიანდა და მის შესაკეთებლად საჭიროა 80 000 ლარი. ჩარექაული-ხველიანდრო-ახალდაბას საავტომობილი გზის მისასვლელი დაზიანდა და ზარალმა 10 000 ლარი შეადგინა. ფაქტობრივად ეს სამი სოფელი დარჩა ხიდის გარეშე. 4 საათი კიდევ რომ გაგრძელებულიყო სტიქია, გაცილებით დიდი ზარალი იქნებოდა“, – განუცხადა knews.ge-ს გელა ჯუგაშვილმა.
მისივე განცხადებით, სტიქიამ, ასევე, სერიოზული ზარალი მიაყენა კერძო სექტორს და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 8 განცხადება შევიდა. ჯუგაშვილი ვერ აკონკრეტებს, გაუწევს თუ არა გამგეობა ფინანსურ დახმარებას სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
„ეს ზარალი ჯერჯერობით არ არის დათვლილი. სპეციალური კომისია სწავლობს დაზარალებულების განცხადებებს. ზოგიერთს 15/100 ჰექტარი დაუზინდა, ზოგიერთს – 25/100. ეს ყველაფერი დასათვლელია. ქვემო ალვანში კი 30 სული ცხვარი დაიხოცა“, – განუცხადა knews.ge-ს გელა ჯუგაშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება სანიაღვრე არხების გაწმენდას საბიუჯეტო სახსრებით ვერ შეძლებს, ამიტომ გამგებელმა ბექა ბაიდაურმა დახმარებისათვის უკვე მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
„ხევების გაწმენდას ძალიან დიდი ხარჯი სჭირდება და ამას ჩვენი ძალებით ვერ შევძლებთ, თუ არ დაგვეხმარა ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამისი ტექნიკა და შესაბამისი თანხები არ გაგვაჩნია“, – აღნიშნა ჯუგაშვილმა.