ილტოს ხეობაში ლექსობა – კაფიაობის ფესტივალი გაიმართა
ფესტივალის დამფუძნებლის, მიხეილ ღანიშაშვილის განცხადებით, ფესტივალის ძირითადი მიზანია ხალხური ტარდიციის, ლექსობა-კაფიაობის პოპულარიზაცია. ფესტივალის ჩატარება დაემთხვა
„ამ ფესტივალში მონაწილეობდა მთის ხალხი, რომლებიც ქმნიან ხალხურ სიტყვიერებას და ისინი არიან სახალხო მთქმელები : დათო ჩიტაური, გოჩა ჩეკურიშვილი და სხვები. ამ ფესტივალის მიზანია ხალხური ფენომენის, ლექსობა-კაფიაობის გაცოცხლება და რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის ასპარეზის მიცემა, გამოჩენა საზოგადოებაში. დღესდღეობით სახალხო მთქმელები, მოლექსე-მოკაფიავენი რატომღაც ჩრდილში არიან. მოგეხსენებათ, რომ ეს არის რეგიონული პროექტი და ტარდება ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში. ეს ხეობა ძალიან მივიწყებულია, დამეჩხერებული და მოსახლეობისაგან დაცლილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ მთელი საქართველოდან შევკრიბოთ მთქმელი, მოლექსე, მსმენელი, მაყურებელი და ერთხელ მივახედოთ ამ ხეობისაკენ. ამას მთავრობაც და ჟურნალისტებიც მოჰყვებიან და ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც არის ამ ხეობაში. ფესტივალზე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ და დაგვპირდნენ, რომ მომავალი წელს ღონისძიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები. მათ თქვეს, რომ ფესტივალი შევა მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების ნუსხაში“, – განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ ღანიშაშვილმა.
ლექსობა -კაფიაობის ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და იგი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალი მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება “მარადახალი ქნარის,” და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა მოინახულეს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა და კოპალის სალოცავის ნიში. ფესტივალს „ღანიშობა“ უწოდეს, რადგან მისი ჩატარება დაემთხვა ღონისძიების დამფუძნებლის, მიხეილ ღანიშაშვილის დაბადების დღეს.