სირიაში 32 წლის პანკისელი გურამ ცათიაშვილი გარდაიცვალა
სირიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის მკვიდრი 32 წლის გურამ ცათიაშვილია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, ცათიაშვილი გუშინ გარდაიცვალა. პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად უკვე რამდენიმე ახალგაზრდა წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი 16 და 18 წლის ორი ახალგაზრდა ნათესავებს დაუკავშირდა და ქვეყანაში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი მოზარდები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად „ჟღალი გენერლის“ დაჯგუფებაში ირიცხებიან. თავად ბათირაშვილი კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეჭვმიტანილთა „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.
არსებული ინფორმაციით ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი იბრძვის და უკვე 11 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს არის გარდაცვლილი. პანკისელ 19 წლის ბიჭს, გიორგი ბორჩაშვილს კი სირიაში წასვლას აიძულებენ წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებიან.
ბორჩაშვილის განცხადებით, მან გაიცნო ის ჩეჩენი ადამიანი, რომელსაც ახალგაზრდები სირიაში გადაჰყავს, თუმცა შეთავაზებაზე უარი უთხრა და ახლა მას მოსაკლავად დასდევენ. გიორგი ბორჩაშვილი განმარტავს, რომ მან საკუთარი პრობლემის შესახებ და მოსალოდნელი საფრთხის გამო ინფორმაცია შს სამინისტროს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი პანკისის ირგვლივ ხელოვნური ისტერიკაა შექმნილი.