სტატიები

თელავში პოლიტიკური პარტიების აქტივობა დაბალია

ამ დროისთვის თელავში 4 პოლიტიკური პარტიის ოფისი მუშაობს, სადაც იშვიათად პარტიული სხდომები მიმდინარეობს. თელაველების თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები არასაარჩევნო პერიოდშიც ფუნქციონირებდეს და ამომრჩეველი მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ახსენდებოდეთ. ადგილობრივების თქმით, პოლიტიკოსები უნდა აქტიუ­რობდნენ და არსებული პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაზე ზრუნა­ვდნენ:

,,მარტო არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეთ ხალხი, რომ ხმების მიღება შეძლონ. ყოველდღიურად უნდა მუშაობდ­ნენ, დადიოდნენ და ხვდებოდნენ ხალხს, რომ მათი პრობლემების შესახებ გაიგონ და მის მოგვარებაზე იზრუნონ. რომ მინდოდეს შეხვედრა იმ ადამიანთან ვისაც ხმა მივეცი, ვერ ვნახავ რადგან ოფისი დაკეტილია,’’-აცხადებს თელაველი მანანა ხატიაშვილი.

პოლიტიკური პარტიების აქტიუ­რობაზე საუბრობს ,,NIMD-ის” თელავის დემოკრატიის სკოლის დირექტორი ნიკა შარვაშიძე. მისი თქმით, პარტიის ფუნქცია არის ის, რომ, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში იყოს აქტიური და ამომრჩეველთან ჰქონდეს ყოველდღიუ­რი კავშირი:

,,პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უნდა აქტიურობდნენ არასაარჩევნო პერიოდშიც. შეხვედრებზე კი დადიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.’’

,,კახეთის ხმა’’ დაინტერესდა, დღეის­თვის თელავში რომელი პოლიტიკური პარტიის ოფისი ფუნქციონირებს და რამდენად აქტიურად მუშაობენ პოლი­ტიკოსები. როგორც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადე­ბენ, ქალაქში ოფისი დღემდე მუშაობს, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის მიღება და შესაბამის სამსახურებში გა­დამისამართებაა. ,,ქართული ოცნების’’ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა გიორგობიანის თქმით, საოფისე ფართის შესანახად პარტია თვეში 500 ლარამდე ხარჯავს:

,,თუ შევადარებთ არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდს, მუშაობა ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს და ასეა ყველა პარტიაში. ჩემი აზრით, ერთი ად­გილი მაინც უნდა იყოს ქალაქში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, მივიდეს და არსებულ პრობლემებზე ისაუბროს. რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ისინი გარკვეულ დღეებსა და საათებში ოფისში მორიგეობენ. ჩვენ რამდენიმე თვეა გადა­სული ვართ შედარებით პატარა ფართში, იმიტომ, რომ იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, ახლა თემის საკრებულო ფუნქციონირებს. აპრილის ბოლოდან კი, ვგეგმავთ სხვა ოფისში გადასვლას,’’-განაცხადა პაატა გიორგობიანმა.

სახელისუფლებო პარტიის გარდა მეორე, რომელიც თელავში ფუნქციონი­რებს, არის პარტია ,,ერონული ფორუმის’’ ოფისი. პარტიის რაიონული ოფისის ხელ­მძღვანელ მერაბ ხიზანიშვილის თქმით, ოფისი აქტიურად მუშაობს და პარტიულ საქმიანობას ეწევ:

,,აქტიურად ვმუშაობთ, გავდივართ, ვხვდებით მოსახლეობას და, თუ რამე შეგვიძლია, ვაკეთებთ. ვცდი­ლობთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შევასრულოთ.’’

პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის’’ თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ვანო გალახვარიძის თქმით, მათი პარტიის ოფისი აქტიურად მუშაობს და მოსახლეობას შეძლებისდაგვარად ემ­სახურება. მისივე თქმით, პარტიას ოფისის შენახვა თვეში 600 ლარი უჯდება:

,,არ­ჩევნების შემდეგ ოფისი არ დაგვიკეტავს, გვაქვს ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ მოვიდეს მოსახლეობა და მოგვაწოდოს ინ­ფორმაცია შექმნილი პრობლემის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, მოქალაქეებს მაქსიმალუ­რად დავუდგეთ გვერდში და გამოვიყენოთ ის დრო არჩევნებამდე, რაც არის დარჩე­ნილი. სანამ ხელისუფლებაში მოვალთ, შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ მოსახლეობის დახმარებას,’’– აცხადებს ვანო გალახვარიძე.
ქალაქ თელავში კიდევ ერთი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისი ფუნქ­ციონირებს. პარტიის კახეთის რეგიონული კოორდინატორ გიორგი ბოტკოველის თქ­მით, ისინი აქტიურად მუშაობენ, როგორც არჩევნებამდე, ისე – მის შემდგომაც:

,,პარტიის ოფისი ფუნქციონირებს. ჩვეულებრივად მოდის მოსახლეობა და ვხვდებით, ვესაუბრებით არსებულ პრო­ბლემებზე და სხვა. ,,ნაციონალური მო­ძრაობის’’ ოფისები არა მარტო თელავში, არამედ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს. ყველგან სათანადო პირობაა შექმნილი, რომ ხალხმა იმუშავოს. ახლა როცა ოპოზიციაში ვართ, ჩვენ, გარდა ოფისში მუშაობისა, აქტიურად ვმოძრაო­ბთ ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა უბნებში, სადაც ვეცნობით ხალხის პრო­ბლემებს და შემდგომ რეაგირებას ვახდენთ, როგორც ჩვენი საკრებულოს ფრაქციების მეშვეობით, ასევე, სხვა მეთოდებით,’’– ამბ­ობს გიორგი ბოტკოველი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პარტიე­ბისა, არჩევნების პერიოდის დამთავრე­ბისთანავე მუშაობის პასიურ რეჟიმში გადავიდნენ თელავში წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური პარტიები და დღეისთვის დაკეტილია მათი ოფისები. ,,ლეიბორისტული პარტიის’’ თელავის ყოფილი მერობის კანდიდატ ქეთევან ზაქარიაშვილის თქმით, პარტიას ოფისი თელავის სპორტსკოლაში აქვს გახსნილი, თუმცა ყოველდღიურად არ მუშაობს:

,,როგორც ვიცი, ოფისი არის თელავის სპორტსკოლაში გახსნილი. იმის გამო, რომ პარტიის ხელმძღვანელი თენგიზ წითელაური სკოლის დირექტორიც არის, ნება მისცეს ოფისი იქ იყოს განთავსებული, რომელიც არ ფუნქციონირებს. კარგი იქნებოდა გვქონოდა ჩვენი ოფისი, რომე­ლიც აქტიურად იმუშავებდა,’’– აცხადებს ქეთევან ზაქარიაშვილი.

სხვა პოლიტიკური პარტიების მსგა­ვსად, დღეისთვის ,,კონსერვატიული პარტიის’’ ოფისიც მომდევნო საარჩევნო პროცესამდე დაკეტილია. პარტიის თე­ლავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯ­დომარე თამაზ გურგენიძის თქმით, იმის გამო, რომ ,,კონსერვატიული პარტია’’ ,,ქართული ოცნების’’ კოალიციის წევრია, მათი ამომრჩევლები და მხარდამჭერები სახელისუფლებო პარტიის შტაბის მეშ­ვეობით უკავშირდებიან:

,,ჩვენ ოფისი არჩევნების პერიოდში ფუნქციონირებდა, შემდგომ გავაუქმეთ და ჯერჯერობით არ გვაქვს. როგორც მოგეხსე­ნებათ, ეს პერიოდი პასიურია და საარჩევნო პროცესის გააქტიურების შემდეგ აუცილე­ბლად გვექნება საოფისე ფართი. რადგანაც კონსერვატიული პარტია კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში’’ შემავალი პარტიაა, ამ ეტაპზე მათი ოფისით ვსარგებლობთ.’’