კახეთში სტიიქისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ლაგოდეხში სტიქიამ სოფლებს – ლელიანს, ონანაურს, ჭაბუკიანს, აფენსა და საქობოს დიდი ზარალი მიაყენა. ძლიერმა წვიმამ ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. სოფლებში წყალმა შინაური ფრინველები და ცხოველები დაახრჩო. მოსახლეობა ასევე, სანიაღვრე არხების გაუწმენდაობაზე ჩივის. ლაგოდეხში დატბორილია სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები, განადგურდა ბოსტნეული, ერთწლიანი ნარგავები, საზამთროსა და ნესვის ბაღები. ადიდებულმა ალაზანმა ახმეტის მოსახლეობის სავარგულების დამცავი, ახლადგაკეთებული ნაპირგამაგრების მიწაყრილიც წაიღო.
ლაგოდეხის გამგეობაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონებში წყლის ამოტუმბვისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ტექნიკა უკვე მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ადიდებული ალაზანი დღეს კალაპოტს დაუბრუნდა.
შეგანხსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგად ახმეტის მუნიციპალიტეტშიც რამდენიმე სოფელი დაიტბორა, განადგურდა სასოფლო – სამეურნეო სავარგულებიც. მუნიციპალიტეტში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალის დათვლას იწყებს.