ახალი ამბები

აჯი გასანოვის მორიგი სასამართლო სხდომა 13 მაისს გაიმართება

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ბონდარენკომ საქმის პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც მხარეთა საპროცესო შეთანხმებას ითვალისწინებდა დააკმაყოფილა. როგორც knews.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ბრალდების მხარემ მოსამართლეს 5 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მხარეთა შორის მოლაპარაკება.
დაცვის მხარის ადვოკატის, მზია სიჭინავას თქმით, აჯი გასანოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს.
,,ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ აჯი გასანოვმა, აფკან გუსეინოვს იარაღი ესროლა და ფეხში დაჭრა, შემდეგ კი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. გარდა ამისა მის წინააღდეგ ასევე 19–108 მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით’’- განუცხადა Knews.ge-ს აჯი გასანოვის ადვოკატმა მზია სიჭინავამ.
შეგახსენებთ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა თანასოფლელებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს, რის გამოც ორი შვილის დედამ თავი მოიკლა. ოჯახი დამნაშავეების დასჯას რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. ამის შემდეგ გარდაცვლილის მეუღლემ აჯი გასანოვმა ერთ–ერთ პირს, აფკან გუსეინოვს რომელიც მისი ცოლის ცემაში მონაწილეობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.