თელავის ცენტრში ელენე ახვლედიანის ნამუშევრები განთავსდება
პროექტის მთავარი მიზანი ნებისმიერი თემატიკის განხილვის დროს ქალაქის გამოცოცხლება იყო. თავდაპირველად მონაწილეებმა თელავში არსებული უფუნქციო და მოუწესრიგებელი ყადორის ბაღის რეაბილიტაცია და ფუნქციის აღდგენა გადაწყვიტეს. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, გეგმა შეიცვალა და ამჯერად სტუდენტებმა განიხილეს სააკაძის ქუჩაზე არსებული უსახური კედლის შემოქმედებითად დატვირთვის და, ასევე, ელენე ახვლედიანის სახელობის ქუჩაზე ამ მხატვრის ნამუშევრების რკინის მოლბერტებზე განთავსების საკითხი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს თელაველი მწერლის – ტორესა მოსის (ვახტანგ მოსიაშვილის) მონაწილეობა განხილვაში, რადგან ელენე ახვლედიანის ქუჩის შემოქმედებითად დატვირთვა სწორედ მისი იდეა იყო. ბევრი ფიქრისა და კონსულტაციის შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ელენე ახვლედიანის ნახატების ფოტოები განთავსდეს ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
პროექტის მსვლელობის დროს იმართებოდა სამუშაო შეხვედრები ქალაქის მერთან – პლატონ კალმახელიძესთან. საბოლოო იდეამ მოწონება დაიმსახურა მერის მხრიდან. მოწონება კი იმით გამოიხატა, რომ ბატონმა პლატონმა პროექტით გათვალისწინებული შვიდი მოლბერტის ნაცვლად, ქალაქის ათ წერტილში ათი მოლბერტის განთავსება შესთავაზა ახალგაზრდულ საინიატივო ჯგუფს და ამ პროექტის 8 000 ლარით დაფინანსება აღუთქვა. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კი თელავის მერმა ბრძანებით დაადასტურა მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება.
ყოველივე ამის შემდეგ დადგა ჯერი იმისა, რომ თელავის ახალგაზრდულ საბჭოს საკუთარი პროექტი თბილისში წარმოედგენა და გაესაჯაროებინა.
2015 წლის 24 აპრილს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინეს თვითმმართველი ქალაქების მერებთან თანამშრომლობის შედეგები და ისაუბრეს კონკრეტულ გეგმებზე, რომელთა განხორციელებაც, მათი თქმით, უფრო კომფორტულს გახდის საჯარო სივრცეებს პროექტის სამიზნე ქალაქებში.
პროექტს ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ქალაქ თელავის, გორისა და ახალციხის მერები, ცესკოს თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ ჟვანია, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ნათია ზაალიშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, ბატონი სოზარ სუბარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი რატი ბრეგაძე.
შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა დამსწრეთა მხრიდან. მერებმა და ახალგაზრდებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად გააგრძელებენ თანამშრომლობას.
ბლოგი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.