თეიმურაზ ხარაშვილი ყვარლის სასწრაფო დახმარების ახალ შენობას მოინახულებს
ცენტრის ხელმძღვანელი თანამშრომლების სამუშაო პირობებს კახეთის მხარეში გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, ზურაბ არსენიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნობა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყვარლის რაიონული ცენტრი ჭავჭავაძის ქ. #21-ში მდებარე შენობის, მეორე სართულს დაიკავებს. 300 კვ.მ. კეთილმოწყობილი ფართი ცენტრს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა.
ამ დრომდე ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის 38 თანამშრომელი 50კვ.მ. ფართობზე, ორ ოთახში იყო განთავსებული. ახალ ადმინისტრაციულ შენობაში სასწრაფოს პერსონალისთვის გამოყოფილია: მოსასვენებელი და მისაღები ოთახები, ასევე სამზარეულო, საპირფარეშო და სპეციალური საწყობი მედიკამენტების შესანახად. ოთახები მთლიანად ახალი ავეჯითაა გაწყობილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვის ფარგლებში ახალი ავეჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ 65 რაიონულ ცენტრს გადაეცემა.