ველისციხელმა ძალოსანმა გიორგი ბეროშვილმა ევროპის რეკორდი დაამყარა
საქართველოში პირველად ჩატარდა სამჭიდის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 20-მდე ქვეყნიდან , 300 – მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
„ევროპის რეკორდი დავამყარე 125 კგ. წონით კატეგორიაში. მე რა წონაც ავწიე, საქართველოში არასოდეს არავის არ აუწევია ეს წონა. ეს მსფლიო რეკორდზეც მეტია. თუ სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიიღო მონაწილეობა, ევროპის ჩემპიონატზე რეკორდს ვერ მოხსნის. ეს წარმატება ჩემთვის მსოფლიო რეკორდზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება კი ჩემთვის იყო 2014 წლის ივნისში, როდესაც მიმიწვიეს რუსეთის ერთ-ერთ ქალაქ არხანგელსკში ჩემპიონების ბრძოლაში. ამ ტურნირში ყველა სპორტსმენი თავის წონაში ყველაზე საუკეთესო მონაწილეობს. მარტო იქ რომ მიმიწვიეს, ეს იყო დიდი წარმატება, რადგან ქართველს იმ ჩემპიონატში არასოდეს მიუღია მონაწილეობა. მე შევედი საუკეთესო ოთხეულში“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბეროშვილმა.
10 წელია, რაც ველისციხელი ძალოსანი სპორტის ამ სახეობით არის დაკავებული. მან 2014 წლის ივნისში კიევში წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატზე იასაპარეზა. ბეროშვილმა 125 კგ, წონით კატეგორიაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს სძლია და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
ველისცხელი სპორტსმენი ამბობს, რომ 2015 წლის თებერვალში ავსტრალიის ქალაქ სიდნეიდან სპორტულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევი მიიღო, თუმცა ფინანსური სახსრების არქონის გამო ვერ გაემგზავრა.
„გზის ფული არ მქონდა და მაგის გამო ვერ წავედი. ვერც ადგილობრივი ხელისუფლება და ვერც სპორტის სამინისტრო ვერ დამეხმარა. თანხები ვერ გამონახეს“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბეროშვილმა.