კახეთში პოლიტიკაში ქალთა მონაწილების გააქტიურების კამპანია დაიწყო
საქართველოს მასშტაბით პოლიტიკოსების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენენ ქალები, ხოლო ადგილობრივ დონეზე კი მათი წილი მხოლოდ 6 %-ია. არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით თელავისა და ახმეტის აქტიური ქალბატონებისათვის 3 კვირის მანძილზე უკვე ჩაატარა შემეცნებითი შეხვედრები კომუნიკაციაზე, ლიდერობაზე, ქალთა უფლებებზე, არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკურ პროცესებში გენდერული თანასწორობასა და მის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის „ქალები აქტიურ პოლიტიკაში“ ფარგლებში, რომლის მიზანია ისეთ ქალებთან კომუნიკაციის დამყარება, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში, სოფლებში და მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია.
„ჩვენ დავიდივართ სოფელ-სოფელ და ქალებს ვასწავლით კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საკუთარ უფლებებს და სხვა. ჩვენ მიერ დატრენინგებული ქალები თავიანთ სოფლებში ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას გადასცემენ სხვა ქალებს. ჩვენ არ ვგულისხმობთ იმას, რომ ყველა ქალბატონი, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ყველა საკრებულოს ან პარლამენტის წევრი გახდება. ისინი უნდა გაიზარდნენ, როგორც ამომრჩევლები“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისათვის“ დირექტორმა, ნათია ქევხიშვილმა.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი იულია ბლეზიუსი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ქალების გააქტიურების მთავარი წინაპირობა საზოგადოების ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლებაა.
„აუცილებელია, რომ საზოგადოება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ქალების ჩართულობის გარეშე სწორი წინსვლა ვერ მოხდება. გარდა ამისა, მგონია, რომ ქალების წილი პოლიტიკაში იქნება ეს 30% თუ უფრო მეტი, ეს ქალბატონებისათვის იქნება კატალიზატორი, რომ უფრო გააქტიურდნენ. ეს ამ კუთხით ნამდვილად მოგვცემს პოზიტიურ შედეგს“, – აღნიშნა იულია ბლეზიუსიმ.