გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
“გამოძიება იმ დღესვე დაიწყო, როდესაც მოხდა ინციდენტი. როდესაც დამთავრდება გამოძიება, მოგახსენებთ ყველაფერს”, – განაცხადა მინისტრმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირება 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
20 აპრილს ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და ,,ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ შექმნა,,ანტიკორუფციული კომისია”, რომელსაც გამგებლის და გამგეობის საქმიანობა უნდა შეესწავლა. მორიგი ინცინდეტი კი ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის მაშინ მოხდა, როცა ანტიკორუფციული საბჭოს წევრები იმ ობიექტებს ათვალიერებდენ, სადაც სამუშაოები შეჩერდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ადგილობრივი სპორტული დარბაზის მწვრთნელი დაუპირისპირდა.ინციდენტის მეორე დღეს ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტებმა დილით გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოთახის კარი ცოცხებით აჭედეს და კედლებზე შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს.
დაპირისპირების მესამე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დეპუტატის ბიუროში დაბეჭდილი გაზეთები მიიტანეს, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია რაიონის გამგებელისა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ.
შენობაში შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის წევრ გიორგი ღვინიაშვილს, ირმა ნადირაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს. შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამავე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში განვითარებულ მოვლენების შესახებ აღნიშნა, რომ ის კვერცხების სროლის წინააღმდეგია, მაგრამ თვლის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ “ნაციონალებს” “სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა”.