გიორგი ღვინიაშვილი-გურჯაანში ნეპოტიზმისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ფაქტები გამოვლინდა
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში კომისია გამოაქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. “ჩვენ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მივიღებთ ინფორმაციებს, მათ შორის მოქალაქეებთან შეხვედრით, ასევე დოკუმენტაციის ამოღებით. ამ დროისთვის ინფორმაცია გროვდება და ცოტა ხანში ჩვენ გამოვაქვეყნებთ კომისიის მუშაობის შედეგებს. წინასწარი ინფორმაციით და შეგროვებული მასალებით ვიცით, რომ ამ რაიონში ადგილი აქვს, ნეპოტიზმს, ნათესავების, ნაცნობების, მეგობრების დანიშვნას სახელმწიფო სამსახურში და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და ნაცნობ მეგობრებზე სამუშაოების გადაცემას”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
ღვინიაშვილი გამოეხმაურა გურჯაანში დღეს განვითარებულ მოვლენებსაც. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” გურჯაანში პროვოკაციებისთვის არ არის ჩასული.
“დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა დაიწყო გურჯაანის რაიონში. დღეს მიმდინარეობდა მოქალაქეების მიღება როგორც გამგებელთან ასევე ჩვენთან. მოქალაქეები ჩვენთან მოდიოდნენ რა დროსაც გამგებელმა გამოიძახა პოლიცია, მასთან მოვიდა ხუთი, ექვსი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი. ჩვენ ნამდვილად არ ვართ აქ პროვოკაციისთვის ჩამოსულები. ჩვენ ჩამოსულები ვართ აქ საქმეზე, რათა ვამხილოთ ამ რაიონის გამგეობა თუ რა ხდება, რა განუკითხაობა ხდება. ჩვენ გვინდა, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი, რაიონმა და ზოგადად ქვეყანამ დაიწყოს და გადავიდეს განვითარების სწორ გზაზე. აქ არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. გამგებელმა გადაწყვიტა, რომ დაიმალოს პოლიციის უკან. მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი. ეს შეურაცხყოფაა იმ გაჭირვებული მოქალაქეების, რომლებიც გამგებლის სანახავად კი არ მოდიან, არამედ მოდიან თავის პრობლემებზე სასაუბროდ. ასევე სირცხვილია ის, თუ რით არის დაკავებული პოლიცია ამ გაზრდილ კრიმინოგენურ ვითარებაში. ამ რაიონში სწორედ, სადაც პატრულის მანქანას ტყვიას ესვრიან, ამით ჰყავთ კრიმინალური პოლიცია დაკავებული. ჩვენი შესვლის მერე გამგებელმა თითქოს გააგრძელა მოქალაქეთა მიღება, მაგრამ დაახლოებით 15 წუთში მოვიდა კრიმინალური პოლიციიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ ასევე დაემატათ სუს-ის ორი თანამშრომელი და ისინი კვლავ ჩაიკეტნენ კაბინეტში. რას მსჯელობდნენ არ ვიცი. გამგებელმა ვერ ახსნა, თუ რა მიზნით ჰყავდა პოლიცია მოყვანილი”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.