გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კვერცხები ესროლეს
“ნაციონალური მოძრაობა” მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” აქტივესტებს ადანაშაულებს. გიორგი ღვინიაშვილის შეფასებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის გამგეობაში დაძაბულობა დღეს ორჯერ უკვე იყო. გამგეობა მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილისგან გამგეობის შენობაში არსებული მაჟორიტარი ბიუროს ოთახების გათავისუფლებას ითხოვს. ამის გამო ერთმანეთს სიტყვიერად გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ.
გამგებლის, გია გერგიძის განცხადებით კი, ბიუროს გამგეობის მიმართ დავალიანება აქვს და მაჟორიტარმა დაუყოვნებლუვ უნდა დატოვოს დაკავებული ფართი. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმონადგენლები და მაჟორიტარის ბიუროს კუთვნილი ორი ოთახის გათავისუფლებას არ აპირებენ.
ასევე, შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” “კორუფციული საქმიანობის” შემსწავლელი კომისიის წევრები, მათ შორის პარტიის ლიდერები გამგეობის შენობაში გამგებლის და გამგეობის საქმიანობის შესწავლის მიზნით მივიდნენ.