თელავში ენერგოეფექტური სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა
სკოლის დირექციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დიზელზე მომუშავე გათბობის სისტემა გადავიდა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, რაც გაცილებით ეკონომიურია.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება ყოველწლიურად 13 000 ლარამდე თანხას ხარჯავდა საკლასო ოთახების გათბობით უზრუნველყოფაში, ხოლო სამუშაოების ჩატარების შემდეგ სკოლა შეძლებს ყოველწლიურად დაზოგოს 9 000 ლარამდე თანხა და ასევე, შეამციროს ელექტროენერგიის დანახარჯი:
,,აღნიშნული სისტემით საკლასო ოთახების გათბობა არამხოლოდ ეკონომიური, არამდე ეკოლოგიურად სუფთაა. სკოლაში გამოიცვალა განათების სისტემა და სასიამოვნოა, რომ იქნება უკეთესი ხარისხის განათება რაშიც 4–ჯერ ნაკლები თანხა დაიხარჯება, ასევე შემცირდება ნახშირორჟანგის ემისია გარემოში. ჩვენი საჯარო სკოლისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ბავშვებმა ღონისძიებაზე – ,,მდგრადი ენერგეტიკის დღე” წარმოადგინეს საკუთარი ნახატები და მოაწყეს ფლეშმობი,”–განუცხადა KNEWS.GE-ს სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა.
მოხდა საჯარო სკოლის თბოიზოლაცია, შენობის განათების სისტემის შეცვლა LED და ენერგოეფექტური ნათურებით აღჭურვა.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, გარდა აღნიშნული სკოლისა, ენერგოეფექტური სადემონსტრაციო პროექტი კავკასიონის ქუჩაზეც განხორციელდა:
,,პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა, დაფინანსებულია ,,BP საქართველოს” და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში, რომელიც ,,ენერგოეფექტურობის ცენტრმა” განახორციელა.
თელავში, კავკასიონის ქუჩაზე პროექტის ფარგლებში, მოხდა განათების განახლებული სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კავკასიონის ქუჩაზე, სათამაშო მოედნის ტერიტორიაზე გაიხსნა საინფორმაციო დაფაც.
განხორციელებული პროექტი თელავს, როგორც ,,მერების შეთანხმების” ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში, როგორიცაა მის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%–ით ნახშირორჟანგის (CO2) ემისიის შემცირება და სუფთა ენერგოტექნოლოგიების 20%–ით გაზრდა,’‘– განუცხადა KNEWS.GE-ს პლატონ კალმახელიძემ.
თელავში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას მერების შეთანხმების რეგიონული კოორდინატორი, ,BP საქართველოს” წარმომადგენელი კრის სლოუტერი, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.