გზა ევროპისკენ

2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს კონკურსი

 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით. ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება.

თავისი მისიის განსახორციელებლად ფონდი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი მიმართულებაა სურსათის უვნებლობა და მომხმარებლის უფლებები. კერძოდ, ფონდი ხელს უწყობს საქართველოს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან, მათ შორის, რეფორმის პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურების კუთხით. ამ ამოცანების მისაღწევად, ფონდი ხელს უწყობს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლებას, ახდენს რეფორმების პროცესის მონიტორინგს, აწარმოებს საზოგადოებრივი ინფორმირების კამპანიას სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების საკითხებზე და კოორდინაციას უწევს სამოქალაქო საზოგადოების დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე რეფორმების თაობაზე. 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ათობით რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რაზე მუშაობაც ახლაც გრძელდება. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რომელმაც სწორედ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო მომხმარებელთა დახმარების ეფექტიანი სერვისის ჩამოყალიბება. კერძოდ, მომხმარებელთა მიმართვების საფუძველზე ცენტრი იღებს ბაზარზე განთავსებული სურსათის ნიმუშებს და ორგანიზებას უკეთებს მათ ლაბორატორიულ შემოწმებას, რის შედეგებსაც საჯაროდ ავრცელებს. ცენტრის მიერ გამოვლენილი დარღვევების შედეგად ბევრმა საწარმომ გამოასწორა თავისი სამეწარმეო პრაქტიკა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად. 

ცენტრის ვებ-გვერდი http://www.momxmarebeli.ge საქართველოში მოქმედი ყველაზე პოპულარული სამომხმარებლო ვებ-გვერდია. 

2014 წელს ფონდმა საქართველოს 3 რეგიონშიც შექმნა მომხმარებელთა დახმარების ცენტრები, ასევე დაიწყო უფასო იურიდიული დახმარების გაწევა სურსათის მოხმარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის. ამავე წელს პირველად ჩატარდა კონკურსი “წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო”, რომლის გამარჯვებულიც 2015 წლის 24 აპრილს გამოცხადდება. პარალელურად ფონდი აცხადებს ახალ კონკურსს “2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს” გამოსავლენად. 

დამატებითი ინფორმაციისათვის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს http://www.epfound.ge, ხოლო პროექტის შესახებ: http://www.mkidveli.ge

“ოქროს ბრენდის” შესახებ:

“ოქროს ბრენდი” რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში, კომპანია Global Idea-ს და გაზეთ FINANCIAL-ს ეკუთვნის. “ოქროს ბრენდის” დაჯილდოების ცერემონიალი 2006 წლიდან ტარდება და მასზე გამოვლინდებიან საქართველოში მომუშავე ყველაზე წარმატებული კომპანიები, სხვადასხვა ნომინაციით. ყოველწლიურად ღონისძიებას 100 -ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი ესწრება. გამარჯვებულებს აჯილდოებენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. დაჯილდოების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიისა და ბიზნეს-საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიება შუქდება ტელევიზიით, რადიოთი, ბეჭდური და ონლაინ მედიით. გამარჯვებულები წარმატებით იყენებენ “ოქროს ბრენდის” ნიშანს მარკეტინგულ და PR საქმიანობაში.
დამატებითი ინფორმაცია “ოქროს ბრენდის” თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://finchannel.com/index.php/world/georgian-news/golden-brand-awards

პრობლემის აღწერა: 

წლების მანძილზე საქართველოში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო რეგულირება სუსტი იყო. ამჟამად მიმდინარეობს რეფორმები, საქართველოს კანონმდებლობა და კონტროლის მექანიზმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ამასთანავე, მეწარმეებს დამატებითი ტვირთი აწვებათ, რათა საწარმოო პროცესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ კანონმდებლობის ახალ მოთხოვნებთან. ამ აუცილებელი რეფორმის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო დამსჯელი სანქციების გატარება კანონდამრღვევი საწარმოების მიმართ, არამედ კანონმორჩილი მეწარმეების წახალისებაც. 

კონკურსის მიზნები: 

** იმ სასურსათო საწარმოების წახალისება, რომლებიც ასრულებენ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. 
** მომხმარებელთა ინტერესების პატივისცემის წარმატებული მაგალითების პოპულარიზაცია.

კონკურსის ამოცანები: 

კონკურსის ამოცანაა “2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს” გამოვლენა. ეს წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე იმ საწარმოს, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. 

ვის შეუძლია განაცხადების წარმოდგენა? განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ სურსათს, ან ვაჭრობენ სურსათით. 

გამარჯვებულის გამოვლენის პროცესი და შეფასების კრიტერიუმები: 

კონკურსის მონაწილეთა საწარმოო პროცესი და წარმოებული, ან რეალიზებული პროდუქცია უნდა პასუხობდეს საქართველოში მოქმედ უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსში მონაწილეთა საწარმოო პროცესებისა და მათი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად. 

ფონდი შეარჩევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, რომლებიც საწარმოთა შემოწმებას ჩაატარებენ (3 გაუფრთხილებელი შემოწმება წელიწადში), ხოლო აკრედიტებულ ლაბორატორიებში მოხდება ამ საწარმოთა მიერ გამოშვებული სურსათის შემოწმება (3 სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი წელიწადში). 

შემოწმების შედეგების მიხედვით ფონდი საუკეთესო საწარმოს გამოავლენს, იმ საწარმოთა შორის, რომლებიც სურსათის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მუშაობენ. შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოცემული საწარმოსა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულ ვალდებულებას აკისრებს პროცესის მონაწილე მხარეებს. 

კონკურსის გამარჯვებულს მიენიჭება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო “2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო”. გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქტიურად გაავრცელებს. 

გამარჯვებული ასევე გამოცხადდება “ოქროს ბრენდის” დაჯილდოების ცერემონიალზე. “ოქროს ბრენდის” ფასიანი ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში გამარჯვებული შეძლებს აქტიურად ისარგებლოს “ოქროს ბრენდის ხარისხის ნიშნით” მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისათვის და ასევე მიიღოს სარეკლამო სივრცე ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთსა და ბილბორდებზე. 
კონკურსში გამარჯვების ფაქტის გახმაურებით მოხდება გამარჯვებული საწარმოს რეკლამირება და გაიზრდება მის მიმართ მომხმარებლის ნდობა. 

კონკურსის ყველა მონაწილე, წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ მიიღებს რეკომენდაციებს საწარმოო პროცესის ორგანიზების თაობაზე კვალიფიციური ექსპერტის მიერ. გარდა ამისა, საწარმოების მიერ წარმოებული, ან ნავაჭრი სურსათის შერჩეულ ნიმუშებს წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული შემოწმებები. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს უკეთ იყონ მომზადებული სახელმწიფო კონტროლისათვის. 

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ფონდის ოფისში, ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: lberdzuli@epfound.ge წერილის კონვერტზე, ან ელექტრონული გზავნილის საგნის ველში გთხოვთ მიუთითოთ: კონკურსი “2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო”.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 მაისი

კონკურსში მონაწილეობის მსურველ საწარმოებთან, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე.

კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადება იგეგმება 2016 წ. აპრილში. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43. 
საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, პროგრამის თანაშემწე, ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge

ბმულზე იხილეთ თანდართული ფაილი