თელავში შუქნიშნების, გზაჯვარედინებისა და პარკირების მოწყობაზე 95 000 ლარი დაიხარჯება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქში განთავსდება შუქნიშნების, მოეწყობა გზაჯვარედინები და პარკირება. მერის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე ძირი ხე მოიჭრა:
,,სამშენებლოო სამუშაოებში 95 000 ათასი ლარი დაიხარჯება, რომელიც გულისხმობს ქალაქში გზაჯვარედინების შუქნიშნებით რეგულირებას, პარკირების კუნძულების მოწყობას, რომელიც მიმართულია იქით, რომ თელავის მოსახლეობამ მანქანებით თუ ფეხით გადაადგილებისას თავი კომფორტულად იგრძნოს. აუცილებლობიდან გამომდინარე მოიჭრა სამი ძირი ნაძვის ხე, რათა მოეწყოს პარკირების კუნძული 40-მდე მანქანისთვის, რომელიც ფასიანი იქნება. საკრებულოში შევალთ ინიციატივით, რომ პარკირების ადგილი გადავცეთ კეთილმოწყობის სამსახურს,”- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტროტუარები, გარეგანათება და მოხდება ადგილის შუქნიშნებით რეგულაცია.
ქალაქის მერისვე განმარტებით, მათი ინიციატივით აღმაშენებლის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა ორმხრივით შეიცვლება, რომელიც ხელს შეუწყობს ავტომანქანების მოძრაობის განტვირთვას.