ახალი ამბები

კვოტირება ნაკლები ბოროტებაა, რომელიც გვაძლევს სიკეთეს

რატომ მინდა რომ ბევრი ქალი იყოს პარლამენტში?  – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვიცი, საქართველოს პოლიტიკაში ქალები ახდენენ გაცილებით მეტ გავლენას, ვიდრე ეს ჩანს.  სინამდვილეში  ქვეყანას ცოლები   და ცოლის დები მართავენ.  უბრალოდ არ მინდა გავიხსენო, მაგრამ ამის ბევრი მაგალითი არსებობს.  მინდა რომ ეს ქალბატონები გამოვიყვანოთ ამ გარემოდან პირდაპირ ასპარეზზე, იმიტომ რომ მათი უშუალო მონაწილეობა გაცილებით ეფექტიანი იქნება.

მართლაც, კაცები და ქალები არათანაბარ ვითარებაში არიან და ქალებისთვის არის შესაქმნელი დამატებითი სტიმულები. ამაზე ყველა თანხმდება. მათ შორის ისინიც, ვინც კვოტირების წინააღმდეგია. მაგრამ მე ასე დავინახე, რომ სხვა საშუალებები, თუ არა ხელოვნური კვოტირება, არ გაამართლებს!

 ამიტომ ვუჭერ მხარს კვოტირებას,  თუმცა როგორც ლიბერალს, როგორც კანონების მცოდნეს, ძალიან კარგად მესმის, რომ კვოტირება არ არის ყველაზე უფრო სწორი გამოსავალი. უბრალოდ ძალიან ხშირად გვიწევს ასეთი გზით სიარული.

მაგალითად  არც ის არის სწორი , რომ ქვეყანაში  გვყავს ასობით ათასი სტუდენტი. უნდა გვყავდეს მხოლოდ 10 ათასი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან სხვა სოციალური მოვლენებია კიდევ. მე რომ  მინისტრად დამნიშნონ,კი ვიცი რას ვიზავდი. 200 უმაღლესიდან 190-ს დავხურავდი,  მაგრამ სწორედ ამიტომ არ დამნიშნავენ მინისტრად.

 კვოტირებაც ზუსტად ასეთი მკვეთრი საკითხია.  მომხრე ვარ იმიტომ, რომ ის ნამდვილად გაზრდის ქალების რაოდენობას პარლამენტში. როგორც კი დავინახავთ ქალები გამოვიდნენ ასპარეზზე და მათ ხელს არაფერი უშლით,  მერე განვიხილოთ ის გვჭირდება თუ არა.

მაგალითად, ახლა, ამ წუთას, შვედეთს კვოტირება არ ჭირდება. მათ უკვე   იმ დონეს მიაღწიეს, როცა ქალთა მონაწილეობა ბუნებრივად თანასწორია.  ვთვლი, რომ კვოტირება არის დროებითი მოვლენა, და სწორედ  უნდა დავარწმუნით ერთმანეთი, რომ  მართალია ეს გადაწყვეტილება  არ არის ყველაზე უფრო სწორი , მაგრამ ამავე დროს არის ეფექტიანი.  კვოტირება საჭიროა ამჟამად და ამ სიტუაციაში.

 კვოტირება ძალიან გავს მაღალი წნევის მკურნალობას  იმ წამლებით, რომელიც სწრაფად აგდებს წნევას. მაგალითად, კლოფელინი. ყველა ექიმი გეტყვით, რომ კლოფელინი საშინელებაა, მაგრამ მე როდესაც მაღალი წნევა მაქვს, ნამდვილად ვიცი, რომ  მას მივმართავ იმიტომ, რომ  იმ მომენტში ძალიან ეფექტიანია. დიახ, სხვა რაღაცას დააზიანებს, მაგრამ ამ წუთას იმას უშველის.

კვოტირება არის ნამდვილად ბოროტება, მაგრამ ნაკლები ბოროტება, რომელიც გვაძლევს სიკეთეს. ამიტომ ვარ მომხრე და არამარტო მომხრე ვარ. პარტიაშიც ბევრი ვართ მომხრე და ფრაქციაშიც უმეტესობა მომხრეა.

knews.ge