ახალი ამბები

დღეს დიდი პარასკევია

სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მაცხოვრის წმ. მაცხოვნებელი ვნების შესახებ.
დიდი პარასკევის მწუხრი მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღიასას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ გარდამოხსნას. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსხური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, ტროპრის “მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი…” გალობის დროს უწმინდესი და უნეტარესი ილია II სასულიერო პირებთან ერთად წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებს გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევს, გარდამოხსნას საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, ტაძარში სამჯერ შემოატარებს და მას ტაძრის შუაგულში სპეციალურ სადგამზე დააბრძანებს. აბბა ალავერდელი მუტროპოლიტი დავითი სამეუფეო ჟამნობის მსახურებას, რომელსაც მოებმება დიდი პარასკევის მწუხრი და გარდამოხსნა, აღასრულებს ალავერდის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. 
ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება – მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.
ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. აღდგომას მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით _ “ქრისტე აღსდგა”. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. 
წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღსდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.
ქრისტიანული ტრადიციით კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა.