კახეთის გუბერნატორმა 9 აპრილს დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკო
გუბერნატორმა გარდაცვლილი გმირების ოჯახს მიუსამძიმრა და ირაკლი შიოლაშვილმა 1989 წლის მოვლენები გაიხსენა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ზუსტად 26 წლის წინ, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. მრავალათასიანი აქციის მონაწილეებისა და მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ გმირებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილი გმირების ოჯახებს,”- განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შიოლაშვილმა.
9 აპრილს დაღუპულთა გმირების საფლავები შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ, 9 აპრილს დაღუპულის მამუკა ნოზაძის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის საპატივსაცემოდ, სახალხო დღესასწაულს “მამუკაობას” დაესწრო.