ახალი ამბები

დღეს მართლმადიდებლური სამყარო იუდას მიერ მაცხოვრის გაცემას იხსენებს

წმ. წერილის მიხედვით, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად იესო ქრისტემ ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა. სახარებისეული სწავლებით, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის ცნობასა და შეპყრობაში, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა. 
ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.
ამ დღეს მორწმუნეთა განსწავლისათვის მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვა, სვინაქსარი იკითხება. წმიდა მამა მორმუნეებს მოძღვარვს, განსაკუთრებით მოერიდონ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს.  სვინაქსარში გადმოცემულია აზრი, ადამიანს მარად ახსოვდეს ცოდვილი დედაკაცის კეთილგონიერი საქციელი, როგორც ეს წმ. მათეს სახარების 26-ე თავის მე- 13 მუხლში წერია: “ამენ გეტყვით თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის რომელიცა-ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა”.
მორწმუნეთათვის განკუთვნილი ზემოხსენებული სწავლება შეაგონებს თითოეულს, რათა უფალი გახდეს გამგებელი და მპყრობელი ადამიანთა გულებისა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან.
დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც მორწმუნეები ეფრემ ასურის ლოცვის დროს ასრულებენ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში. ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, იესო ქრისტეს გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.