ახმეტელი გიორგი ანწუხელიძის ცხედრის ფრაგმენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
დაკრძალვის ცერემონიას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტი, ასევე თავდაცვისა და გენშტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ. სულ იდენტიფიცირებულია 42 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. ამათთაგან რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება 2008 წელსვე მოხდა, თუმცა დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. დნმ-ის კვლევა სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. გენშტაბის ინფორმაციით, 42 ქართველ სამხედროს შორის ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული გმირი, ახმეტელი გიორგი ანწუხელიძეა.
გენშტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ღანიშნა, რომ პროცესი გაგრძელდა, ვინაიდან თავის დროზე ვერ მოხერხდა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ყველა სამხედროს იდენტიფიცირება და დნმ-ის მიხედვით მათი ცხედრების იდენტიფიცირებას დრო სჭირდებოდა.
“ეს პროცესი რამდენიმე თვეა დასრულდა. მათი ამოცნობა მოხდა. აქედან გამომდინარე შეიქმნა საჭიროება ფრაგმენტების დაკრძალვის. აქამდე დადგენილი იყო ნაწილის ვინაობა, თუმცა პროცესი გრძელდებოდა და სამხარაულის ცენტრში ინახებოდა ფრაგმენტები. შესაბამისი პროცედურები დასრულდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი დაკრძალვის თაობაზე”, – განაცხადა რომან ჯოხაძემ.
დამატებითი ექსპერტიზა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცხედარსაც ჩაუტარდა.
“დღეს უკვე ბოლო ფრაგმენტები გადმოასვენეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან. გიორგი ანწუხელიძის დნმ ამოცნობილი იყო და დღეს მე და ჩემი შვილი მოვედით, რომ საბოლოოდ გავაცილოთ იგი”, – განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. გიორგი წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული გმირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2013 წლის 26 ოქტომბერს, ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის მემორიალი მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. გიორგის ორი შვილი დარჩა, თუმცა უმცროსი, ანა ანწუხელიძე მამის გარდაცვალებიდან 7 თვეში დაიბადა.
ახმეტაში დაბადებული გიორგი ანწუხელიძე 2001 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, თავდაპირველად თბილისში მოგვიანებით კი სენაკში მსახურობდა. 2008 წლის მაისიდან ის, ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

