ახალი ამბები

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ბიოუსაფრთხოების პუნქტები გაიხსნება

მემორანდუმის ფარგლებში კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ბიოუსაფრთხოების პუნქტები გაიხსნება.
აღნიშნული პუნქტების გახსნის შესახებ მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძემ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ საქართველოს წარმომადგენლობის ALCP – ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ჰელენ ბრადბერიმ მოაწერეს ხელი.
,,აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განთავსებული ბიოუსაფრთხოების პუნქტები, ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ცხოველთა დაავადებების გავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით, პირველ ეტაპზე 5 ბიოუსაფრთხოების პუნქტის გახსნა იგეგმება“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ. 
მისივე თქმით, ბიოუსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, სტაციონალური კრემატორიუმები, საწყობი, ვეტპუნქტი და ა.შ. ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია თავიდან იქნეს აცილებული დაინფიცირებული პირუტყვის ტრასებზე მოძრაობა და ინფექციების გადატანა-გავრცელება.
დაგეგმილია ბიოუსაფრთხოების 5 პუნქტის მოწყობა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ბიოუსაფრთხოების პუნქტებს დედოფლისწყაროსა და სიღნაღში „მერსი ქორფსი“ და სურსათის ეროვნული სააგენტო მოაწყობს.