კახეთში ქალ ფერმერთა კლუბები ჩამოყალიბდება
პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალების როლის გაძლიერება, მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მათი გააქტიურება თემსა და რეგიონში.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო პროექტის დეტალებს, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ „ასოციაცია ქალი და ბიზნესი“ და ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“.
საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის, ,,კავკასია“, დირექტორის სერგო ბარამიძის განცხადებით, პროექტის მიზანია ქალბატონებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დღეს არის სოფლის მეურნეობაში:
,,თელავში ვიმსჯელეთ სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რამდენად მნიშნელოვანია ქალის როლი და აქტიური ჩართულობა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. დღევანდელი შეხვედრა იყო საინფორმაციო და ჩვენი ღონისძიებები გაგრძელდება. ვგეგმავთ სამუშაო მოდულების შექმნას, საზოგადოებას გავაცნობთ თუ როგორ უნდა მოიპოვონ მათთვის საჭირო დაფინანსების სხვადასხვა წყაროები და პარტნიორები რათა თავად შეძლონ საკუთარი მეურნეობის განვითარება.
უკვე წლის ბოლოს, სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ თემების და რეგიონების მასშტაბით ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში“.
საერთაშორისო ასოციაციის – ,,ქალი და ბიზნესი“ გამგეობის თავმჯდომარე, პროექტის დირექტორის ნინო ელიზბარაშვილის განმარტებით, პროექტის დანიშნულებაა სოფელში მცხოვრები ქალების ფინანსური მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერება:
,,ჩვენი მიზანია, მოსახლეობამდე მივიტანოთ ინფორმაცია როგორ შეიძლება შექმნან ქალმა და მამაკაცმა დოვლათი თანაბარ პირობებში და თავი დააღწიონ სიღარიბეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს თუ რა ხელისშემწყობი პროექტები მიმდინარეობს მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის. გვინდა, ქალებმა იცოდნენ როგორ დაიცვან უფლებები საკუთრების მხრივ და გაძლიერდნენ ამ მიმართულებითაც. ჩვენ, განსაკუთრებით, ხელს ვუწყობთ დამწყებ მეწარმეებს მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის. ბოლოს განვახორციელებთ მონიტორინგს რა შედეგი მოიტანა თითოეული პროგრამის განხორციელებამ და როგორ აისახა ეს მოსახლეობაზე”.
თელაველი ფერმერის, ინგა პაპუნაშვილის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება, რომელიც მიზნად ქალების გააქტიურებასა და ჩართულობას ისახავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
,,მაქვს მცირე ფერმერული მეურნეობა და იმედია მაქვს, ქალ ფერმერებს დაგვეხმარებიან, მოგვიგვარებენ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვართ”.
პროექტის პრეზენტაცია დღესვე ახმეტაში გაიმართა.
პროექტი ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის „ ENPARD”- ის ფარგლებში www.enpard.ge ; პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი (EU).
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი „ასოციაცია ქალი და ბიზნესი“/ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“
www.gbdc.ge ; www.gawb.ge; პროექტს აფინანსებს Oxfam (ოქსფამი)www.oxfam.org.uk


