სოფელ ზეგაანში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა
სოფლის მცხოვრებლების თქმით, ნახევარსაუკუნოვან შენობას წლების მანძილზე რემონტი არ ჩატარებია, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია და მოსწავლეებს გაუსაძლის პირობებში უხდებოდათ სწავლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძეს თქმით, უწყების ძალისხმევით, ზეგაანის სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სკოლა გაზიფიცირდა და აღიჭურვა. მინისტრმა სკოლას ახალი საკლასო დაფებიც ჩაუტანა და მალე სპორტული დარბაზის მოწყობასაც დაჰპირდა.
,,სოფელ ზეგაანში თანამედროვე სტანდარტების სკოლის ფუნქციონირება მკაფიო მაგალითია, რომ მთავრობა საქართველოს ყველა რეგიონზე თანაბრად ზრუნავს. სკოლებში, რომელიც შენდება და რეაბილიტირდება ყველა პირობაა შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ბოლო წლებში კახეთის რეგიონში 143 საჯარო სკოლა და ერთი პროფესიული სასწავლებელი რეაბილიტირდა, აშენდა ორი საჯარო სკოლა.