რატომ ვემხრობი კვოტირებას
– თინიკო, თქვენი აზრით, რა ძირითადი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ქალების დაბალ პოლიტიკურ მონაწილეობას საქართველოში?
– ვფიქრობ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ არიან ქალები ჯეროვნად წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში. წესით, ისინი უნდა იყვნენ პოლიტიკაში თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენენ და მათი ხმაც უნდა იყოს დაფიქსირებული ისე, როგორც მამაკაცების.
ქალთა დაბალი პოლიტიკური მონაწილეობის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეულწილად სტერეოტიპები. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ საზოგადოებას აქვს წარმოდგენა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ძლიერი ქალი უნდა იყოს.
პოლიტიკაში ძლიერ ქალზეა დაკვეთა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის, თუ ვინ არის ძლიერი ქალი, ძალიან ფარდობითი ცნებაა და პირადად ჩემზე როგორც ამომრჩეველზე, ძლიერი ქალი ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს და სულ მგონია, რომ ეს არის ქალი, რომელიც მაინცდამაინც უნდა ჩხუბობდეს, `დამრტყმელი უნდა იყოს. შესაბამისად, ალბათ სხვა ბევრი ქალიც ფიქრობს ჩემსავით და კონკრეტული არჩევანის წინაშე მდგარი ისევ „ჩვეულებრივ“ მამაკაცს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ამ „ძლიერ“ ქალს“.
მივიჩნევ, რომ ქალების პოლიტიკაში მცირე ჩართულობის საფუძველი არის ის, რომ მათ თავად ქალები არ ვუცხადებთ სოლიდარობას (ამის ჩემეული განმარტებაც უკვე ვახსენე). მეორე მიზეზია ის, რომ თვითონ ქალი პოლიტიკოსები უმეტესწილად ვერ ამართლებენ ჩვენს ნდობას.
ძალიან ხშირად მქონია მოლოდინი პოლიტიკოსი ქალისგან. მიფიქრია, იქნებ ამან მაინც ისაუბროს ქალბატონებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა, არა! ეს ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა. მაგალითად, ერთჶერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქალის ეკონომიკური გაძლიერება. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვნახე ქალბატონი პოლიტიკაში, რომელიც ამ საკითხზე მოახდენდა აქცენტირებას: ის, რომ კანონში უნდა ძირეული ცვლილებები იყოს გატარებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და რომ ცხოვრებაშიც უნდა დაინერგოს ეს.
ვთვლი, რომ ერთჶერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქალების არათანაბარ მონაწილეობას პოლიტიკაში, არის მამაკაცი პარტიული წევრების დამოკიდებულება მათ მიმართ. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი არ აძლევნ გასაქანს. რა საკვირველია, ამას განზოგადებით არ ვამბობ ყველა პარტიასა და ყველა მამაკაცზე.
– თინიკო, მოდით ვისაუბროთ თქვენს გამოცდილებაზე. ერთჶერთი ქალი კანდიდატი იყავით თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა. რა გამოცდილება შეგძინათ ამ პროცესში ჩართულობამ?
– მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად უმეტესწილად ქალის მონაწილეობა უფრო არის გარკვეული ვალდებულება, ან ფანდი ამომრჩევლის მიმართ. ის, რომ რეალურად სჭირდებათ კონკრეტული ქალი კანდიდატი პოლიტიკაში, ეს მე ვერ ვიგრძენი. ჩემი დაკვირვებით, ქალბატონების რიგითობას პარტიულ სიაშიც მხოლოდ მამაკაცები წყვეტენ.
ჩემი აზრით, მამაკაცები უფრო სოლიდარულები არიან მამაკაცების მიმართ, ვიდრე ქალები. შესაბამისად, სიებიც დგება ისე, რომ უფრო მეტად მამაკაცი კანდიდატი გადმოდის წინაპლანზე. არ ვიცი, ამის მიზეზი, ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ჩემი დამოკიდებულებაც იყო: ვთვლიდი, რომ თუ ვერ გრძნობენ ჩემს რეალურ საჭიროებას, არ ღირს ამაზე მათთან კამათი.
მე ვარ ერთჶერთი, რომელიც ზოგადად კვოტირებას არ ვუჭერდი მხარს და ვთვლიდი, რომ ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში საკუთარი პოლიტიკური მზაობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც ის იქნება მზად ამ გამოწვევისათვის. თუმცა, საკითხზე მეტი ფიქრისა და განსჯის შედეგად შთაბეჭდილება მრჩება, რომ კვოტირება აუცილებელია, სხვაგვარად, ჩვენ ვერ „ვაიძულებთ“ მამაკაცებს, მეტი ქალი დაუშვან პოლიტიკაში.
– ანუ ბევრი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი აღიარებს, რომ კვოტირება, როგორც ერთგვარი ქირურგიული ჩარევა პროცესში მართალია ხელოვნურია, მაგრამ აუცილებელი იძულებითი ნაბიჯია გარემოს გასაჯანსაღებლად. ეთანხმებით?
– მე იმ აზრზე ვიყავი, რომ ჩარევა არ მეჩვენებოდა საჭიროდ: ქალი პოლიტიკაში უნდა თავად დაინახოს ამომრჩეველმა. რომ ქალს შესწევს უნარი დაამტკიცოს, რომ ის არის თანასწორი ამ პროცესში და სამადლოდ სადმე ჩასმა არ უნდა დასჭირდეს. თუმცა ახლა ასე აღარ ვფიქრობ და კვოტირებას ვემხრობი. და აი, რატომ:
მაშინ, როცა ჩვენს პოლიტიკურ არენაზე კონკრეტული ადამიანები წყვეტენ ვინ სად იყოს, მაღალია მანიპულაცია და დაბალია პოლიტიკური კულტურა, და ამასთან, ამომრჩეველს მხოლოდ ზედაპირული დასკვნის საშუალება ეძლევა, ამ შემთხვევაში, უფრო უპრიანი იქნება კვოტირების სისტემის შემოღება. აუცილებელია კვოტირება და ეს დაეხმარება ქალებს, რომ უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი ქართულ პოლიტიკაში.
– თინიკო, როგორია თქვენი რჩევა ქალი კანდიდატების მიმართ, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. დაახლოებით წელიწადნახევარში ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნები და თანასწორობის დისკუსია უფრო აქტიური ხდება სახელისუფლებო წრეებშიც. ვიცით, რომ პარლამენტიც და პრეზიდენტიც მხარს უჭერენ ამ საკითხებს.
– რაიმე კონკრეტული რჩევის მიცემა არ შემიძლია. უბრალოდ ვთვლი, რომ ქალი მართლა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პოლიტიკაში მიდის იმისთვის, რომ რაღაც აქვს სათქმელი, გასაკეთებელი და იმისთვის, რომ ქალების და ბავშვების ცხოვრება იყოს უკეთესობისკენ შეცვლილი ჩვენს ქვეყანაში.
ჩემთვის, მაგალითად, ეს საკითხი ერთჶერთი ამოსავალი წერტილია. თუმცა, არის სხვა საკითხებიც, სადაც შეიძლება ქალი აქტიურად ჩაერიოს და მოაგვაროს კიდეც. ძირითადად ქალი უნდა წავიდეს პოლიტიკაში იმისთვის, რომ გაახმოვანოს მის უკან მდგარი ქალებისა და ბავშვების პრობლემები. შესაბამისად, მე ვისურვებდი ქალი კანდიდატები კარგად დაფიქრებულიყვნენ როდესაც ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებას, ანდა აქვთ შეთავაზება: რამდენად მზად არიან ისინი საქმის გასაკეთებლად და პასუხისმგებლობების ასაღებად, რასაც ქვია პოლიტიკაში წასვლა. პოლიტიკაში წასვლა არ უნდა იყოს პრესტიჟის და კომფორტის მოლოდინი.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. თუმცა აუცილებელი არ არის მარტო პოლიტიკაში წასვლით გააკეთო ეს, კულუარებიდანაც არის შესაძლებელი ძალიან ბევრი რამის შეცვლა გარშემომყოფი ადამიანებისთვის. პირველ რიგში, ძალიან ბევრია შესაცვლელი ჩვენს დამოკიდებულებებში. ქალზე ბევრი რამეა დამოკიდებული თავისი ქცევებიდან და სტერეოტიპებიდან გამომდინარე და არ შემიძლია რომ არ ვთქვა: ვისურვებდი ბევრ განათლებულ ქალს საქართველოში, თუნდაც მან ვერ მოახერხოს დასაქმება, ის თვითრეალიზაციას საკუთარ შვილებში მაინც მოახერხებს და ასეთი ქალები აღზრდიან განათლებულ შვილებს. ამ მხრივ, ძალიან სერიოზული დეფიციტი გვაქვს საქართველოში.
ინტერვიუ მომზადებულია ქალთა პოლიტიკური ისტორიების ფარგლებში თელავის გენდერის მედია ცენტრის მიერ `ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის პროექტის ფარგლებში.