სათესლე მასალების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს და FAO ახორციელებს.
საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ამჟამად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი ითვლება. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, პროდუქტიულობისა და ხარისხის ზრდის გზით.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სასურსათო წარმოება შესამჩნევად გაიზარდა, დარგის ერთ-ერთ მთავარ სირთულედ მოსავლიანობა რჩება. ფართობის მიხედვით მოსავლიანობის დაბალი მაჩვენებლის რამოდენიმე ძირეული მიზეზი არსებობს, მათ შორის სათესლე მასალის დაბალი ხარისხი, რაც განპირობებულია მეთესლეობის სექტორის გაუმართავი ფუნქციონირებით. დღეისათვის საქართველოში არ არსებობს თესლის გამყიდველის მიერ განცხადებული მონაცემების პროდუქტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქართველ ფერმერს არ მიუწვდება ხელი გარანტირებული ხარისხის სათესლე და სარგავ მასალაზე. ხშირ შემთხვევაში მისთვის დადასტურებული არ არის, თუ რომელი რეპროდუქციისაა სათესლე მასალა და მისი ჯიშიც კი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით ავითარებს სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემას. სისტემა მოიცავს როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირებას. მუშაობა მიმდინარეობს სისტემის პროცედურების, საკანონმდებლო და ლაბორატორიული უზრუნველყოფის კუთხით. დასრულებულია მუშაობა საქართველოს სათესლე მასალის შესახებ კანონპროექტის პირველ სამუშაო ვერსიაზე, რომელშიც ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები. შემუშავებული დოკუმენტი მოყვანილია საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოში და მოიცავს ყველა იმ საჭირო ელემენტს, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში. კანონი სათესლე მასალის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანია მოხდეს სათესლე მასალის ხარისხის კონტროლი და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სათესლე მასალა, ერთერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის ჩამოსაყალიბებლად,”- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
მისივე თქმით, თესლის სერტიფიცირება ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროცედურაა ქვეყანაში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ხარისხიანი სათესლე მასალის დამზადებისა/იმპორტისა და გავრცელებისათვის, რაც მოსავლიანობის ზრდის ერთ ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მოსავლიანობის ზრდა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სოფლად შემოსავლის ზრდას და სიღარიბის შემცირებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძეს თქმით, შეხვედრის დისკუსიების დროს გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში, რომელიც აპრილში იქნება მზად.
“თუ პირველი კანონი სრულყოფილი ვერ იქნება, ეს პრობლეა არაა. მთავარი მიზანია მეთესლეობის წარმოების რეორგანიზაცია, რათა ფერმერებს უკეთესი ხარისხის სათესლე მასალა მივაწოდოთ. საქართველოში წინა ვიზიტების დროს ვნახე, რომ ამ ხელსაყრელი კლიმატის მქონე ულამაზეს ქვეყანაში ხორბლის მოსავალი ჰექტარზე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე უფრო მშრალი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა საჭიროა სასწრაფო ზომების გატარება ფერმერებისათვის მაღალი ხარისხის მასალებით მომარაგებისათვის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ კანონის მთავარი დანიშნულება ჯერ კატალოგისა და ქვეყანაში მეთესლეობის ინდუსტრიის დახვეწაა,”- – ამბობს ჟან-ლუის დუვალი (საფრანგეთი), FAO-ს კონსულტანტი.