ირაკლი ღარიბაშვილი – რეგიონებში შეჩერებული და მიტოვებული საწარმოები ამუშავდება
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონებში ამუშავდება შეჩერებული და მიტოვებული საწარმოები, რომელსაც მოჰყვება ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება და მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
“ძლიერი რეგიონის არარსებობის შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაძლიერდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელსაც ჰქვია –ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო. ეს იქნება მიმართული რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ. ამ პროექტის ფარგლებში ამუშავდება შეჩერებული და მიტოვებული საწარმოები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ამ საწარმოებში ჩადონ ფული და დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის პოტენაციალი და დღეს არის დეტალური სურათი, თუ რა არის საჭირო რეგიონების ფეხზე დასაყენებლად. მისივე განცხადებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მაშტაბით 1500-ზე მეტ მეწარმეს გაეწევა დახმარება ბიზნესის წამოწყების კუთხით, 2100 ადამიანი გაივლის სპეციალურ ტრენინგს და 2400-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდება.