თელავის სოფლებში საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლის რეაბილიტაციას ითხოვენ
მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი შეხვედრებს აჯამებს და აცხადებს, რომ მოსახლეობა ყურადღებას საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ამახვილებს:
,,შეხვედრებზე გამოკვეთა ძირითადი პრიორიტეტები, ესენია – საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლების რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზებისა და სკვერების მოწყობა, ასევე სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. ამჟამად, მონაცემებს ვაჯამებთ, შემდეგ შედგება პროექტები რათა დავიწყოთ სამუშაოების განხორცილება“.
გამგებლისვე განცხადებით, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სოფლები ვანთა, ბუშეტი და ყარაჯალა:
,,იყალთოში სოფლის კრებაზე მოვიდნენ საკმაო რაოდენობის ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო სტადიონის გაკეთებას ითხოვენ“.
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 900 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორცილების მექანიზმები შეიცვალა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს:
,,თუ შარშან სოფლებისათვის (დაბა-ქალაქი) თანხების გამოყოფა მთავრობის განკარგულებით ხდებოდა, ახლა მთავრობის განკარგულებით თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტისთვის ხდება და უკვე ის უმტკიცებს თითოეულ დასახლებულ პუნქტს პროექტისათვის თანხას. შესაბამისად, სოფლების კრებები ახლა უკვე მუნიციპალიტეტებს წარუდგენენ ოქმებს, პროექტების დასაფინანსებლად.
ადგილობრივი ხელისუფლება ანაწილებს თანხებს, აცხადებს ტენდერებს, დებს ხელშეკრულებებს ზედამხედველობს სამუშაოებს და ა.შ”, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება სამინისტროს ფუნქციას, უწყების განმარტებით, სამინისტრო განსაზღვრავს ძირითად პრიორიტეტებს, რომელიც ზოგად მიმართულებას აძლევს პროექტებს და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ადგენს კონკრეტული სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობას.
ამასთან სამინისტროს, მსუბუქი მონიტორინგისა და რეკომენდაციების სახით, უფლება აქვს დაინტერესდეს, იხარჯება თუ არა თანხები სოფლის მიერ განსაზღვრული და მოთხოვნილი მიმართულებით.