საია კომუნიკაციების კომისიას და პრემიერ მინისტრს ,,ჰერეთის“ თემაზე მიმართავს
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის მქონე კომპანიის მესაკუთრე იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2013 წლის აგვისტოში თბილისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა და ქალაქ თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა შპს „ენერჯი გრუპმა“, რომლის მესაკუთრეები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი (20%) და ვიცე-პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი (80%).
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე, ახორციელებს საჯარო ფუნქციებს და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი კი წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირებს.
ზემოაღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთიც, რომელმაც გაასაჩივრა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის შპს „ენერჯი გრუპისათვის“ მინიჭების შესახებ. საია 2013 წლის სექტემბრიდან დღემდე იცავს რადიო ჰერეთის ინტერესებს აღნიშნულ დავაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ სათანადო გამოკვლევის გარეშე მიანიჭა შპს „ენერჯი გრუპს“ ლიცენზია, გააუქმა კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება და დაავალა კომისიას რადიო ჰერეთისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხის ხელახლა განხილვა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
გვსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი მედიისსაშუალების არსებობას ქვეყანაში და ეჭვქვეშ აყენებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიუკერძოებლობას აღნიშნულ დავაში:
1. სსიპ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, მათ მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიის მეშვეობით, უკვე თითქმის ორი წელია აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ თბილისში რადიომაუწყებლობის უფლება. ამისათვის მათ ჯერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ხოლო, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რადიო ჰერეთის მიერ დაწყებული სასამართლო დავის პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, თავად გაუუქმა მინიჭებული ლიცენზია, სასამართლოში გაასაჩივრეს ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება. ამასთანავე, გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბაინდურაშვილი-ჩხენკელის კომპანია მიზანმიმართულად ცდილობს გააჭიანუროს სასამართლოში საქმის განხილვა. მათი მიზეზითა და ინიციატივით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა რამდენიმეჯერ გადაიდო და 2014 წლის მარტიდან დღემდე საქმეზე მთავარი სხდომა არ გამართულა. თავის მხრივ, აღნიშნული საქმის განხილვის გაჭიანურება აფერხებს რადიო ჰერეთის სარჩელის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავას.
2. კომუნიკაციების ეროვნული კომისია შექმნილია ქვეყანაში მაუწყებელთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიუხედავად აღნიშნულისა, კომისია ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას იკავებს ერთი და იმავე ლიცენზიის გამო რადიო ჰერეთის სარჩელზე და შპს „ენერჯი გრუპის“ სარჩელზე მიმდინარე ორ სხვადასხვა დავაში, რაც მხოლოდ შპს „ენერჯი გრუპისთვის“ არის ხელსაყრელი. აღნიშნული საფუძვლიან ეჭვს იწვევს კომისიის მიერ მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ფუნქციის მიუკერძოებლად განხორციელებაში.
გვსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება მივაპყროთ მისი კონტროლის ქვეშ არსებული საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამდებობის პირთა კანონშეუსაბამო საქმიანობას; მოვუწოდებთ სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობას დაემორჩილოს კანონს და მედიის პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებლობის საჯარო წესრიგს, ხოლო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას – უზრუნველყოს რადიო ჰერეთის სარჩელის გამო მიმდინარე სასამართლო დავის მიუკერძოებლად წარმოება.