აზერბაიჯანში საქართველოდან ხორცი აღარ გავა
ფერმერების განმარტებით, წინა წლებში აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მკვეთრი ზრდის გამო, ქართველმა ფერმერებმა კრედიტები აიღეს და სახორცე პირუტყვის მოშენება დაიწყეს. ახლა კი მათ ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნა. ინფორმაციას სააგენტო ,,bpn” ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, მთავარი მიზეზი არის ის, რომ მეზობლებმა უფრო ხელსაყრელი ბაზარი მოძებნეს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, იგი ესაუბრა აზერბაიჯანელებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დიდი რაოდენობის ხორცი შედის უკრაინიდან და მათთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო აღარ არის.
“ხორცზე მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ უფრო იაფად ყიდულობენ ხორცს უკრაინაში. საქართველოში 1 კილოგრამი ცოცხალი წონის შესასყიდი ფასი 4,5 ლარია. არ ვიცი ამაზე იაფად ყიდვას უკრაინაში როგორ ახერხებენ. ქართველი ფერმერებისთვის ფასის კიდევ უფრო დაწევა უკვე ზარალია”, – ამბობს ნინო ზამბახიძე.
ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარის რუსუდან გიგაშვილის თქმით, მესაქონლეები, ძირითადად, აზერბაიჯანის ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი.
,,ეს მიმართულება იყო მზარდი, ამიტომ მათ აიღეს კრედიტი და დაიწყეს პირუტყვის მოშენება. ამასობაში კი აზერბაიჯანისკენ პრობლემა გაჩნდა. 5-6 თვის განმავლობაში ექსპორტი ეტაპობრივად მცირდებოდა და შემდეგ საერთოდ შეწყდა,”- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.