გიორგი სიბაშვილი – არ ვიყავი დამნაშავე და არც არაფერი დამინგრევია, სამართალმა იზეიმა
კახეთის ყოფილი ვიცე გუბერნატორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 2013 წელს მისცა. მას ბრალად ედებოდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა.
საქმის პროკურორი გიორგი ლილუაშვილი სასამართლოს სხდომებზე 16-ჯერ არ გამოცხადდა. ლილუაშვილი მეთხუთმეტედ გამოუცხადებლობის გამო სიბაშვილმა თელავის რაიონულ სასამართლოში ბორკილები თავად დაიდო. პროკურორი მხოლოდ 45 -ე სასამართლო პროცესზე მივიდა და მხარეების მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენისა და კამათის შემდეგ დასრულდა საქმის განხილვაც, რომლის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის სასარგებლოდ გამოიტანა.
2 წელია, რაც თელავის რაიონულ სასამართლოში სიბაშვილის საქმე განიხილება. საგამოძიებო ორგანოს კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილისათვის ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რომელიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება – გაფლანგვას გულისხმობდა.
,,მოვისმინეთ სასამართლოს გადაწყვეტილება იმაზე, რაზეც მე 2 წელზე მეტი ვსაუბრობდი, რომ ეს არის შეთითხნილი საქმე და პოლიტიკური დევნა ჩემ მიმართ. ეს იყო მცდელობა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს პიროვნების დისკრედიტაცია და პროკურატურა ამას ძალიან კარგად ახერხებდა ამ პერიოდის განმავლობაში. მე ვფიქრობდი, რომ დღესაც მეჩვიდმეტედ საქმის პროკურორი, გიორგი ლილუაშვილი არ გამოცხადდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ის პროცესზე მოვიდა. ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ მე არ ვიყავი დამნაშავე და არც არაფერი დამინგრევია, ამ სასამართლო სხდომამ დაამტკიცა და სამართლიანობამ იზეიმა, ამიტომ კომპენსაციას ვითხოვ. მე ველოდები, რომ მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და მე მზად ვარ ყველა ინსტანციაში, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც დავიცვა ჩემი უფლებები, ”- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სიბაშვილმა.
აღნიშნულ საქმეში გიორგი სიბაშვილის გარდა, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორს ვალერი გრემელაშვილს, სამშენებლო კომპანია „ხიდის“ ხელმძღვანელს ზაქარია ტატუნაშვილს და ინდმეწარმე ასლან გარსევანიშვილს ჰქონდათ ბრალი წარდგენილი.
,,სასამართლომ მოისმინა ყველა მხარის არგუმენტები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი სიბაშვილს, ვალერიან გრემელაშვილს და ასლან გარსევანიშვილს, მოეხსნათ წარდგენილი ბრალი. გარდა ამისა, სამივე პირის გირაოს უზრუნველყოფისთვის დაყადაღებულ ქონებას მოეხსნას ყადაღა და დაუბრუნდეს მფლობელებს,’’- განაცხადა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე მამუკა წიკლაურმა.
ბოლო სასამართლო სხდომაზე სიბაშვილმა და მასთან ერთად კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი გრემელაშვილმა და ინდმეწარმე ასლან გარსევანიშვილმაც სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვეს. ისინი აღნიშნულ საქმეში თავს დამნაშავედ არ თვლიდნენ და მოსამართლეს ობიექტური გადაწყვვეტილების გამოტანას სთხოვდნენ.
,,მე არ ვიყავი დამნაშავე და ეს სასამართლომაც დაამტკიცა. ის კი რაზედაც მედავებოდნენ უსაფუძვლო გამოდგა. გზა, რომლის დაგებაშიც მივიღე მონაწილეობა ახლაც კარგ მდგომარეობაშია’’- განაცხადა ასლან გარსევანიშვილმა, რომელსაც საგამოძიებო ორგანო ბრალს დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში სდებდა.
გარდა გიორგი სიბაშვილის და ასლან გარსევანიშვილისა, მოსამართლემ ასევე უდანაშაულოდ სცნო კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვალერი გრემელაშვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას.
,, არაფერი გამიფლანგავს. მე ვმუშაობდი ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც გრანტებზე იყო დამოკიდებული და ამის ფარგლებში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, რადგან გრანტები ჩემი ჩართულობით მოვიძიეთ,’’– განაცხადა სასამართლო სხდომაზე ვალერი გრემელაშვილმა.
პროკურატურისათვის მიცემული პირველი ჩვენება გრემელაშვილმა შეცვალა სასამართლოს ბოლო სხდომაზე, რომელიც მისი მეუღლის ავადმყოფობისა და სამსახურში არსებული გადატვირთული გრაფიკით ახსნა.