ახალი ამბები

თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილების საცხოვრებელ სახლთან მივიდა. იორამიშვილსა და ძმებს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. 
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 10 მარტს, ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი ქ. თელავში, თამარის ქუჩა N30-ში მდებარე მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა. საუბრისას გ.იორამიშვილს ძმებ ბოჭორიშვილებთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გიორგი იორამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა სამი გასროლა, რის შედეგადაც ანდრო ბოჭორიშვილი მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ირაკლი ბოჭორიშვილი დაიჭრა მენჯის არეში. ასევ დაიჭრა იქვე ახლოს მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილი. მომხდარი ფაქტის შემდეგ გიორგი იორამიშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია პროკურატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
უწყებაში აცხადებენ, რომ გიორგი იორამიშვილი კახეთის სამხარეო პროკურატურაში თავად გამოცხადდა და ამის შემდეგ ის ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მკვლელობის იარაღი გამოძიებას წარმოუდგინა. 
პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს გიორგი იორამიშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით.