პროკურატურამ ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი უკვე დაკითხა
გიორგი იორამაშვილი მიმალვაში იყო. სამართალდამცავები მის დასაკავებლად კახეთის მასშტაბით ყველა მანქანას აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ.
მკვლელოების ოფიციალური მოტივი ამ დრომდე უცნობია, პროკურატურა დამატებით დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, იორამაშვილი ბოჭორიშვილების ავტოტექმომსახურებით სარგებლობდა და პოლიციელს ჰქონდა ძმების ვალი. მეზობლები ამბობენ, რომ ძმებმა იორამაშვილს ზეთი რამდენჯერმე შეუცვალეს, თუმცა პოლიციელს მათთვის თანხა არ გადაუხდია. ბოჭორიშვილებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილს მოსთხოვეს ვალის გადახდა, რომელიც გახდა უთანხმოების მიზეზი. ამ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის ნათესავებიც ადასტურებენ.
„ხელოსნები არიან. მუშაობდნენ. იმას ჰქონდა ამათი ვალი. დედა ცოცხალ-მკვდარია, თავს იკლავს ნერვიულობით. ჯერ არ ვიცით. დედამ, ძმამ, დამ იციან ყველაფერი“, – განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა, გურამ ტარიელაშვილმა.
გუშინ, 16:30 საათზე, ახმეტის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორმა, გიორგი იორამაშვილმა ძმებს, ანდრო და ირაკლი ბოჭორიშვილებს ცეცხლი გაუხსნა. ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ირაკლი ბოჭორიშვილის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ირაკლი ბოჭორიშვილის გარდა დაჭრილია შემთხვევის თვითმხილველი თამაზ შინგაზრდილიშვილი, რომელმაც ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა მიიღო და პირველადი ამბულატორიული დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.