საგარეჯოს გამგეობიდან ემორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გაათავისუფლეს
თეონა ტაველიშვილმა საგარეჯოში სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა გაიარა. მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში, კონკურსის შედეგად გაიმარჯვა და ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, მთავრობამ კი მისი სწავლა 60 000 $ –ით დააფინანსა, იმ პირობით, რომ ჩამოსული ადგილობრივ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გააგრძელებდა მუშაობას და მიღებულ ცოდნას საკუთარ რეგიონს მოახმარდა. დაბრუნებული მაგისტრი მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა. ტაველიშვილი განმარტავს, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს.
“საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი ვიყავი. ერთ–ერთი კომისიის წევრთან მომივიდა კონფლიქტი და ამ კონფლიქტის დროს ვუთხარი, რომ საერთოდ რა აზრი აქვს საჯარო კონკურსების ჩატარებას, ისედაც ხომ იცით ვინც უნდა აიყვანოთ და ტყუილად აცხადებთ ამ კონკურს–თქო. ეს სიტყვები იმ საღამოსვე მიუტანეს გამგებელს, მერე გუბერნატორს. გამგებელს პირად საუბარში დაუფიქსირებია ჩემთან, რომ ის მე მომიაზრებს იმ გუნდის წევრთან, რომელიც მას საბოტაჟს უწყობს. მე უნდა დამეწერა განცხადება, რადგანაც ეს სიტყვები იყო გუბერნატორამდე მისული და ამ სიტყვებით, მე ვადასტურებდი, რომ მათი გუნდის წევრი არ ვიყავი და ასეთი რამ არ უნდა მეთქვა’’, – განუცხადა ,,კომერსანტს” თეონა ტაველიშვილმა.
მისი თქმითვე, მის მეუღლეს კახეთის გუბერნატორთან მეგობრობა აკავშირებდა, ამბების მიტანიდან რამდენიმე დღეში კი ირაკლი შიოლაშვილმა მისი მეუღლე დაიბარა და მოსთხოვა თეონას სამსახური დაეტოვებინა:
,,გუბერნატორი გაღიზიანებული იყო გამგებლის მიტანილი ენებით. საბაბი, რის გამოც დამაწერინეს განცხადება იყო ის, რომ კონკურსთან დაკავშირებით დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ არ ტარდებოდა სამართლიანად”,– ამბობს თეონა ტაველიშვილი.
კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ თეონას ქმართან მის კაბინეტში მართლაც ჰქონდა შეხვედრა, თუმცა თეონას სამსახურზე არ უსაუბრიათ. გუბერნატორის თქმით, ტაველაშვილები მისი მეგობრობით მანიპულირებდნენ. ყველანაირ ბრალდებას უარყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელიც: “აბსოლუტური აბსურდია ის, რომ მე თეონას ვაიძულებდი დაეწერა განცხადება’’,–განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა.