“მეტი ქალი პარლამენტში”- აქციას გურჯაანშიც შეუერთდნენ
აქციის მიზანი იყო ქალთა პოლიტიკური აქტიურობის ხელშეწყობა და პოლიტიკაში მათი ჩართულობის გაზრდა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია, გაიზარდოს ქალთა რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობზე.
,,ქალები საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილნი. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის და ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას, სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია.ქალები ვერ მონაწილეობენ იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით. ქალთა პოლიტიკური გაძლიერება დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ”– განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანში აქციის ორგანიზატორმა, ნატალია ცისკარაშვილმა.
აქციის მონაწილე ქალების შეფასებით, მსგავსი აქციების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ის ქალბატონებს გააქტიურების მოტივაციას აძლევს.
,,არის ძალიან ბევრი სფერო, მათ შორის პარლამენტი, სადაც სერიოზული გენდერული დისბალანსი იგრძნობა. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი ნდა იყოს პოლიტიკაში, რადგან ისინი კრეატიულები არიან, კარგი მოსმენა იციან და სხვანაირი ხედვა აქვთ. თუ ეს დისბალანსი აღდგება, ვფიქრობ, რომ პროგრესიც არ დააყოვნებს, ”- განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათია გიორგაძემ.