პანკისელი ქალები ქალთა მოძრაობის აქციას შეუერთდნენ
პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ქალებმა ქალთა მოძრაობის მანიფესტს სოლიდარობა გამოუცხადეს. ქალთა მოძრაობის და “ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის” ორგანიზებით აქციას “მეტი ქალი პარლამენტში” პანკისის ხეობის ქალებიც შეუერთდნენ. დუისში, ადგილობრივი ქისტი და ჩეჩენი ქალები შეიკრიბნენ და საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიციაც და გულისტკივილიც.
სოფელ დუსისი საჯარო სკოლის პედაგოგის მაია ქავთარაშვილის განცახდებით, „დროა საქართველოში გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა და მეტ ქალს მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა მეტი გამოხატვის შესაძლებლობა და მეტი ჩართულობა. ჩვენ, ქისტი ქალები, ვუერთდებით საქართველოს ქალებს, მეტად იყვნენ წარმოდგენლი მთავრობასა და პარლამენტში.“
დღეს საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვი სარ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.
თელავის გენდერის მედია ცენტრის წარმომადგენლის, მაია მამულაშვილის განცახდებით, ქალთა მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ და ცენტრალურ მმართველობაში ქვეყნის დემოკრატიული მმარველობის საფუძველს განამტკიცებს.
„ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაშიდა ამას აღარ შევეგუებით.“ – ნათქვამია მანიფესტში.
საქართველოს მასშტაბით გამართულ აქციებს კახეთის რეგიონის სამი ქალაქი თელავი, გურჯაანი, სიღნაღი და სოფელი დუსისიც შეუერთდა.
იხილეთ ვიდეო.