თელავში 2015 წლის ქალბატონი დაასახელეს
შეხვედრაზე მოწვეულმა თელავის 34 აქტიურმა ქალბატონმა ფარული კენჭისყრით აირჩია წლის წარმატებული ქალბატონი. ხმათა უმრავლესობით, წლის ქალბატონის ტიტულის მფლობელი ფიქრია ყუშიტაშვილი გახდა, რომელიც თელავის მერიის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობს.
ფიქრია ერთადერთი ქალია, რომელიც თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის უფროსია. ამჟამად თელავის თემისა და მერიის საკრებულოსა და მმართველობაში მაღალ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე ქალია. გამარჯვებული ყვავილების მაღაზიამ „ლა ბელ“ და სასტუმრო „ძველი თელავის“ მიერ სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა.
საზეიმო საღამოზე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ქრისტიან პეტცოლდის ფილმი „ბარბარა“ რომელიც 80-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიაში შტაზის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ექიმი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს.
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელსაც მაია ფურცხვანიძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი უძღვებოდა.„მინდა მადლობა გამოვთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ასეთი საინტერესო თემატიკის ფილმების ჩვენების შესაძლებლობისათვის და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა „თელავის მედია კაფეს“, რომელიც ქალაქისათვის მართლაც ღირებული და საინტერესო არაფორმალური შეხვედრების ადგილია“. – აღნიშნა მაია ფურცხვანიძემ.
„წლის ქალის“ ჯილდოს მფლობელმა ფიქრია ყუშიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომავალში უფრო მეტი და სასარგებლო საქმიანობით გაახარებს თანაქალაქელებს.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული ქალბატონების მხრიდან გავხდი წარდგენილი ამ პრიზზე. მოხარული ვარ, რომ „მედია კაფე“ ბოლო რამდენიმე წელია თელავის საზოგადოების კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცენტრად იქცა და ამდენი სასარგებლო ღონისძიებით ამდიდრებს ჩვენს ქალაქს.“