შსს მინისტრის მოადგილემ თელავში შეხვედრა გამართა
არჩილ თალაკვაძე დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული სამუშაოს, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მხარდაჭერით, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, საქართველოს 10 ქალაქში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თემატური შეხვედრები იმართება, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი ,,უსაფრთხო ქალაქი” გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს. ვისაუბრეთ იმ ღონისძიებებზე და პროექტებზე, რომელიც სამინისტრომ განახორციელა. გარდა ამისა, განვიხილეთ ქალაქში არსებული პრობლემები და მოვუსმინეთ მოსახლეობას. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის ფორმატი, როდესაც მთავრობა ანგარიშს აბარებს ხალხს და პასუხობს შეკითხვებს. ჩვენი სურვილია, მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად გაიმართოს, რომ არ დაგროვდეს პასუხგაუცემელი კითხვები. პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს შეუწყობს პოლიციის აქტივობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას რეგიონებში, მეორე მხრივ, შსს-ს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია და რეაგირება მოახდინოს თემში არსებულ პრობლემებზე, ”– განუცხადა knews.ge-ს არჩილ თალაკვაძემ.