ველისციხის აბანო, რომლის მშენებლობაზეც 50 000 ლარამდე დაიხარჯა, აღარ ფუნქციონირებს
უკვე ხუთი წელია, რაც სოფლის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოებრივი მოხმარების აბანოს შენობაში ინფრასტრუქტურა მოშლილია. ველისციხელები ამბობენ, რომ აბანოს მშენებლობის საკითხის მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდა.
„სოფლის პროგრამით გამოიყო 100 000 ლარი. ვითომ დაგვიბარეს თეატრში, გამოგვკითხეს ვინ იყო წინააღმდეგი და ვინ თანახმა. სასაფლაოსთავის, სკოლისათვის, აბანოსათვის თანხა გამოიყო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავთ გაკეთებულს“, – აცხადებს ველისციხელი ელისაბედ ჭიჭიბოშვილი.
სოფელ ველისციხეში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, ნუკრი ბახლიშვილი მოსახლეობის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გამოსავალს აბანოს პრივატიზებაში ხედავს. ბახლიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი მოხმარების ჰიგიენის სახლი სოფელში ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და ამჟამად ძრავის დაზიანების გამო აღარ მუშაობს.
„კრება ჩატარდა. არსებობს ოქმი. მაშინ მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია აბანოს მშენებლობა, რომელიც დასრულდა 2011 წელს. იმუშავა ერთი წელი. ეხლა ზრავა არის დაზიანებული და მაგის გამო არის გაჩერებული“, – განმარტა ნუკრი ბახლიშვილმა.