ახალი ამბები

გიორგი ალადაშვილი წლის რეპორტაჟისთვის 1000 დოლარით დაჯილდოვდა

რადიო ჰერეთმა გასულ წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს სკოლის თემაზე რეპორტაჟების სერია მოამზადა, სადაც მოსწავლეებმა სკოლის შენობის ნაცვლად სასწავლო პროცესი საქონლის სადგომში განაგრძეს.

თემას გამოხმაურება მოჰყვა სახალხო დამცველის აპარატიდან, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდან, საგარეჯოში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, სოფელ ლამბალოში სკოლის მშენებლობა დაიწყო. განათლების სამინისტრომ კი პირობა დადო, რომ ლამბალოელები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდებიან.

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ წარმოადგენს განათლების სფეროში მოღვაწე თორმეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებას, რომელიც 2013 წლის ბოლოს შეიქმნა და ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში. განათლება ყველასათვის – საქართველო მოძრაობა გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრია 2014 წლიდან.