ეთიკის ქარტიის საბჭომ knews.ge-ს წინააღმდეგ გიორგი მოსიაშვილის განცხადებები განიხილა
„თითქოს მე მოვითხოვ „მედია კაფეს“დახურვას. ჩემი პოზიციაა „მედია კაფე“, კი არ დაიხუროს, არამედ უმჯობესია ის გადავიდეს სკოლის შენობიდან, რაც არ ნიშნავს „მედია კაფეს“დახურვას და შესაბამისად მასზე ზეწოლას. ეს პირადაპირი მცდელობაა მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანისა. მე მსგავსი განცხადება,“მედია კაფეს“დახურვაზე არ გამიკეთებია. მან კი სტატიაშია დაწერა, რომ მე ვითხოვ მედია კაფეს დახურვას, რაც გახლავთ სრული სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნულია მოსიაშვილის განცხადებაში.
მოსიაშვილი განცხადებებში მიუთითებდა, რომ საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორმა, მაია მამულაშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე მუხლი: კერძოდ, 1-ლი, მე-3 და მე-11 მუხლები.
თუმცა საბჭომ მიიჩნია, რომ ამ მუხლებიდან გამომდინარე, მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი დაირღვა. კერძოდ, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ქარტიამ ყურადღება გაამახვილა, რომ სტატიაში უფრო დაზუსტებული უნდა ყოფილიყო ინფორმაცია. ეთიკის ქარტიის საბჭომ ისიც განმარტა, რომ რედაქციას არ დაურღვევია მე-3 და მე-11 მუხლები.
მეორე განცხადება ეხებოდა Knews.ge-ს საიტზე R ნიშნით გამოქვეყნებულ სარეკლამო სტატიას „ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს“.
განმცხადებელი მიუთითებდა ქარტიის მე-9 მუხლის დარღვევაზეც, რაც გულისხმობს, რომ სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.
საბჭომ კი მიიჩნია, რომ გამოცემას R ნიშნით გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებითაც არ დაურღვევია ეთიკის ქარტიის მე-9 მუხლი. „მე-9 პრინციპთან დაკავშირებით, საბჭომ ასევე შეიმუშავა დამატებითი განმარტება, რომელიც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან ერთად გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.