იურიდიულ პირებს ფულადი გზავნილის მიღება და გაგზავნა აეკრძალებათ
პროექტის თანახმად, იცვლება ფულადი გზავნილის დეფინიცია. არსებული პრაქტიკით, ხშირია უცხო ქვეყნიდან განხორციელებული გზავნილები, როდესაც გზავნილის გამოგზავნა იურიდიული პირის მიერ ხდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული განმარტების მიხედვით, ფულადი გზავნილი არის საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელი და მიმღები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პირი იყოს, ვერ ხერხდება მათთვის ფულადი გზავნილის სტატუსის მინიჭება და მისი ერთიან სტატისტიკაში ასახვა.
როგორც პარლამენტში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა ასეთი ტიპის გზავნილი ფულადი გზავნილის განმარტების ქვეშ მოექცეს და ერთიან სტატისტიკაში ასახვას დაექვემდებაროს.
,,კონკრეტდება, რომ საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურება ფულადი გზავნილებით. იურიდიულ პირს, როგორც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს, ეკრძალება ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა”, – ნათქვამია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.