პური შესაძლოა გაძვირდეს
პურის ქარხნის დირექტორების თქმით, პური შესაძლოა, 10 თეთრამდე გაძვირდეს:
,,მართალია, გაზი არ გაგვიძვირეს, მაგრამ თუ ადრე ერთ ტომარა ფქვილს 37 ლარად ვყიდულობდით, ახლა მასში 40 ლარს ვიხდით. ყველაფერი ძვირდება და ეს ჩვენს საქმიანობაზეც უარყოფითად აისახება. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, პურის ფასიც მოიმატებს. პურსმარტო ფქვილი ხომ არ სჭირდება?”, – აცხადებენ პურის ქარხნებში.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პურის გაძვირებისთვის საფუძველი არ არსებობს:
“ჩვენი მეპურეები ხშირად ამტკიცებენ, ოთხი წლის განმავლობაში პურის ფასი არ შეგვიცვლიაო. ამ ოთხი წლის განმავლობაში ფქვილის ფასი იყო როგორც მაღალი, ასევე – დაბალი. იყო კრიზისული პერიოდებიც, მაგრამ მათ ჰქონდათ რეზერვები, რომლითაც პურის ფასს ინარჩუნებდნენ. აქედან გამომდინარე, შიდა რეზერვების ხარჯზე მათ შეუძლიათ პური არ გააძვირონ და ძველი, კომფორტული ფასების ხარჯზე დაიჭირონ პურის ახლანდელი ფასი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არაკომფორტული ფასი ფქვილზე დღესაც არა გვაქვს”, – აღნიშნავს ლევან სილაგავა.
პროდუქცია, შესაძლოა, პროდუქცია მცირე საცხობებმა და თონეებმა გააძვირონ:
”კერძო საცხობები ძირითადად ლავაშს აცხობენ და მათ მიერ პურის გაძვირება საყოველთაო ფასზე ვერ იმოქმედებს. რაც შეეხება დიდ საწარმოებს, მათ მთელი ორი წელი კომფორტული ფასი ჰქონდათ და ახლა, რამდენიმე თვის კრიზისის გამო პროდუქცია არ უნდა გააძვირონ. ჩვენმა მეპურეებმა როგორღაც უნდა შეძლონ ფასის შენარჩუნება, თუმცა, ყველაფერი მათზე არ არის დამოკიდებული. მთავარი მაინც ის არის, თუ რა პროცესები განვითარდება ამ დარგში და საერთოდ, ქვეყანაში”, – აღნიშნავს ლევან სილაგავა.