დედოფლისწყაროში მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო
პროექტი თანამედროვე დიზაინის შენობის მშენებლობასა და ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ახალი შენობა ძველ საავადმყოფოს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ ეტაპზე ფაქტობრივად, ამორტიზებულია.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კახეთის გუბერნატორმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორთან, ერთად დედოფლისწყაროში მრვალპროფილური კლინიკის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას თქმით, სტაციონარში ერთდროულად 25 პაციენტის განთავსება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის, ჯამში, 32.531 მაცხოვრებელს მოემსახურება.
,,ახალი მრავალპროფილური სტაციონარი საერთაშორისო სტანდარტების მქონე უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს მრავალმხრივ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს”- განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის თქმით, მშენებლობის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება.
,,მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. პროექტზე, ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. დედოფლისწყაროელებისთვის ყველაზე პრიორიტეტული ახალი საავადმყოფოს მშენებლობაა, ”– განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.