გურჯაანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 3 277 000 ლარი დაიხარჯება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთის გუბერნატორმა დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
ირაკლი შიოლაშვილის თქმით, პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს წყალმომარაგების 15 კილომეტრიან მაგისტრალზე , მოეწყო რკინა-ბეტონის ჭები, სრული რეაბილიტაცია უტარდება წყლის რეზერვუარებს და საქლორატორო სადგურს. მისივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა ხარისხიან და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.
,,კახეთის რეგიონში განსაკუთრებით შარშან ზაფხულში, პრაქტიკულად არცერთ მუნიციპალიტეტს არ მიეწოდებოდა ნორმალურად წყალი. დღესაც ეს პრობლემაა რადგან მემკვიდრეობით დაგვხვდა. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და ევროპის განვითარების ბანკიდან იქნა სოლიდური თანხები მოზიდული, დაახლოებით 100 მილიონი, საიდანაც 40 მილიონი კახეთის რეგიონში უნდა დაიხარჯოს. გურჯანში უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, იცვლება წყლის სისტების 15 კილომეტრიანი მთავარი მაგისტრალი და პროექტი მოიცავს როგორც მთავარი მაგისტრალის ამოცვლას, ასევე 8 ცენტრალური ქუჩის წყლის სისტემის რეაბილიტაციას, სადაც ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძეს თქმით, დღეისთვის გურჯაანში მაგისტრალი დაზიანებულია და მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდება და მოსახლეობა წყლით სარგებლობას მთელი დღის განმავლობაში შეძლებს.
,,ვფიქრობთ, რომ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება გაუმჯობესდება,”- განაცხადა გია გერგიძემ.