ლარის გაუფასურების გამო შესაძლოა საწვავი გაძვირდეს
როგორც კომპანია ”სენტას” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, 1 ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი დაახლოებით 120 დოლარით გაიზარდა, რასაც თან დაერთო ლარის მკვეთრი ვარდნა დოლართან მიმართებაში.
”ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ”პლატსის” ფასი ნავთობპროდუქტებზე. როცა ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებთან შედარებით 10-15 თეთრით იაფად გავყიდდით, მაშინ მაგალითად დიზელის საწვავს, 1 ლიტრს საბითუმო ქსელში 1,25 ლარად ვყიდდით, ახლა კი უკვე 1,45 ლარი ღირს. ამას თან დაერთო ლარის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებაში და მოგეხსენებათ, რომ ნავთობიმპორტიორები საწვავს დოლარში ვყიდულობთ. საწვავის გაძვირება საცალო ქსელზე ჯერ არ ასახულა, მაგრამ აუცილებლად აისახება. უახლოესი 1 კვირის, 10 დღის განმავლობაში აუცილებლად მოხდება ფასების მატება. საწვავის თვითღირებულება როგორც კი გაიზრდება, საბითუმო ფასიც აიწევს და არსებული საცალო ფასების შენარჩუნება გაჭირდება. ჯერჯერობით არის მცირე ნაშთები და ამის გამო ხდება საცალო ბაზარზე ფასის შენარჩუნება, მაგრამ როგორც კი ამოიწურება ეს ნაშთები, ფასიც აიწევს”, – განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას ზაალ იაკობიძემ.