განათლების სამინისტრო ნაადრევი ქორწინების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ნაადრევი ქორწინების თემაზე, რომელიც, პუბლიკაციის თანახმად, განათლების სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. გამოცემა წერს, თითქოს, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, განათლების მიღება 7367-მა გოგონამ შეწყვიტა, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ნაადრევი ქორწინება გახდა.
აღნიშნული ციფრი აღნიშნულ კონტექსტში არარელევანტურია, რამდენადაც ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც მიიღეს საბაზო (9 კალსის) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდგომ, ან პროფესიულ სასწავლებლებში განაგრძეს სწავლა, ან დროებით შეაჩერეს და შემდგომ ექსტერნატით დაასრულეს. გარდა ამისა, მოსწავლეები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო, დროებით შეუჩერდათ განათლება ან საბაზო განათლების მიღების შემდეგ, დასაქმება გადაწყვიტეს.
საქართველოს კონსტიტუციით, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. საქართველოს მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით კი სავალდებულო საბაზო განათლების დასრულებამდე სწავლის მიტოვების მაჩვენებელი ქორწინების მიზეზით ასეთია: 9 კლასის ჩათვლით ქორწინების გამო სასწავლო პროცესი 2012-2014 წლებში 123-მა მოასწავლემ მიატოვა.
აღნიშნულ პერიოდში განათლების მართვის საინფორმაციო ბაზა ელექტრონული სისტემით ფუნქციონირებდა და ყველა მოსწავლეზე მონაცემები პერსონიფიცირებულია. რაც შეეხება 2011-12 სასწავლო წელს, არსებული ინფორმაციით, სკოლის მიტოვების რაოდენობა ქორწინების გამო შეადგენს 64-ს, ანუ, 2011-2014 წლებში სკოლის მიტოვების მაჩვენებელი საბაზო საფეხურის დასრულებამდე სულ 187-ია.
საქართვლოში ქორწინების ასაკი 18 წლიდან იწყება. 2011- 2014 წლებში 18 წელს მიუღწეველი მოსწავლეების სკოლის მიტოვების მაჩვენებელი (საბაზო და საშუალო საფეხურიდან) შეადგენს 249-ს (მათ შორის 238 გოგონა).
გავრცელებულ პუბლიკაციაში საუბრობენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაადრევ ქორწინებას გართულებები ახლავს და პრობლემას მოგვარებას სჭირდება დემოგრაფიული განათლება, სკოლებში მეტი მუშაობა იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინება ჯანმრთელობისთვის, მათი განვითარებისთვის ცუდია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები და დემოგრაფიული თემები შესულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში და დაფარულია რამდენიმე საგნის სასწავლო პროგრამაში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკურ განათლებასა და სპორტში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებში ამ საკითხების სწავლება დაწყებითი კლასებიდან ხდება. კერძოდ, I-VI კლასის სტანდარტით გათვალისწინებულია თემები, რომლებიც მოიცავს მოსწავლის პირად ჰიგიენას, ჯანსაღი კვების, უსაფრთხო ქცევის და ელემენტარული წესების დაცვას. საბაზო საფეხურზე მოსწავლე უკვე ფლობს ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მავნე ჩვევებზე (მაგალითად, მოწევასთან დაკავშირებული საკითხებზე) თუ ინფექციურ დაავადებებზე (მაგ., შიდსი, ტუბერკულოზი).
რაც შეეხება რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებს, VIII კლასის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიღებას და რისკების გაცნობიერებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.