ახალი ამბები

ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 8 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ (EXCLUSIVE)

“ყოველდღიურად გვპირდებიან, აი დღეს მოგცემთ ხელფასს, აი ხვალო, ამ დაპირებაში კი 8 თვე გავიდა. ესეთი არაფერი გაგვიგია. თუ ამ დღეებში არ მოგვცემენ ხელფასს, მუშაობას თავს გავანებებთ,”– განუცხადა Knews.ge-ს მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ ილკარ ოცახვერდიევმა.

სკოლის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „AGCS muhendislik insaat meden naklye ticare tve sanayii“- ში აცხადებენ, რომ მათ ქვე-კონტრაქტორ კომპანია ,,ლარგოსთან’’ სამუშაოების დაწყებამდე გააფორმეს ხელშეკრულება, რითიც ქართული კომპანია ვალდებულებას იღებდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე.

,,ჩვენ გვყავდა ქვე-კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ლარგო’’, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს აღნიშნულ ობიექტზე. თანხა, რომელიც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად იყო საჭირო და ამავე დროს მუშებისთვის ხელფასიც უნდა გაცემულიყო, გადავურიცხეთ. ამ პროცესში რაც ახლა ხდება ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მუშებს ხელფასებს ყოვეთვის ვუხდით’’,– განუცხადეს knews.ge-ს თურქულ სამშენებლო კომპანიაში, თუმცა ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს.
ლამბალოში განთლების სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, რომელიც მშენებლობაზე მონიტორინგს აწარმოებს, 
სკოლის კარკასი უკვე დასრულდა. ამ დროისთვის უკვე მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს:

,,რაც შეეხებათ იმ მუშებს, რომლებსაც ხელფასი არ აუღიათ, ძირითადად იყვნენ მძღოლები და მათ უკვე დაამთავრეს სამუშაოები, თუმცა მათი სახელფასო დავალიანება არ დაუფარიათ. დანარჩენი მუშების უმრავლესობა კი თურქები არიან და ახლაც მუშაობენ. რაც შეეხება თურქულ კომპანიას, ჩემი ინფორმაციით, მათ კონტრაქტორ კომპანიას თანხა გადაურიცხეს, მაგრამ ჩვენ მათ ფინანსებში ვერ ჩავერევით. რაც ჩვენზეა დამოკიდებული და გვაქვს ვალდებულება აღებული ყველაფერს ვაკეთებთ. მთლიანად გამოყოფილი იყო 6 მილიონი ლარი, რომელიც კომპანიამ 4 მილიონ ლარამდე დაიყვანა და ამ თანხის ფარგლებში შენდება სკოლა. აქედან მილიონ ნახევარზე მეტი უკვე გახარჯულია’’,- აცხადებს ვაჟა ბაზერაშვილი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ინფრასტრუქტურის დეპარტამენტიდან.

სამშენებლო კომპანია შპს ,,ლარგოს ‘’ დირექტორი, ზურაბ მარქიშვილი უარყოფს თურქული კომპანიის წარმომადგენლის ბრალდებას და აცხადებს, რომ თანხა არ გადაურიცხავს:
,,მათ, ჩვენი კომპანიისთვის, არაფერი გადმოურიცხავთ. მე დავურეკე მათ და შეხვედრაზე შევუთანხმდი, რომ გამარკვიონ რატომ იტყუებიან. ამაზე პასუხს მოვთხოვ. ჩვენ არაფერ შუაში ვართ და მუშებს ხელფასებს მაშინვე მივცემთ როგორ კი თურქული კომპანია გადმოგვირიცხავს’’,- განუცხადა knews.ge-ს კომპანიის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც 1000–ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 6 წელია კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო. შენობებში ბეტონის იატაკია, კედლები დაბზარული და ნახევრად ჩამონგრეული. ნაქირავები შენობები, სადაც გაკვეთილები ტარდება, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ახალი სკოლის მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და წელს ივნისში უნდა დასრულდეს.