ახალი ამბები

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2 ახალი კომპონენტით გრძელდება

ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების მხარდამჭერ შეღავათიან აგროკრედიტის პროექტს წელსაც აგრძელებს.  სიახლე ისიც არის, რომ საწარმოს დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები სრულად იქნება გათვალისწინებული. 
პროექტის მენეჯერის ირაკლი მოისწრაფიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ეს პროექტი მეწარმეებზე უფრო ეფექტურად მორგებული სახეცვლილი ფორმით განხორციელდება:
„პროექტი გაგრძელდება 2 ახალი კომპონენტით, ესენია: ძირითადი საშუალებებისა და საბრუნავი საშუალებების კომპონენტი. მაგალითად ფერმის შენობა, პირუტყვი, რაც ერთ წელზე მეტი ვადით მოიხმარება საწარმოში, არის ძირითადი საშუალება. ხოლო საბრუნავ საშუალებად ის ითვლება, რისი გახარჯვაც ერთ სეზონზე ან მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხდება. სათესლე მასალა, სასუქები, შხამ-ქიმიკატები, მუშა ხელის დაქირავება სეზონურად, ეს ყველა საბრუნავ საშუალებებს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, ძირითადი საშუალებებია ფერმის ან საწყობის აშენება , მრავალწლიანი ბაღის გაშენება, სათბურის მოწყობა, ტბორის გაკეთება, მეწველი საქონლის შეძენა, ან დედა ღორის შეძენა, რომელიც გენერაციას იძლევა, ხოლო გოჭის შეძენა უკვე საბრუნავი საშუალებაა, ვინაიდან უკვე მაქსიმუმ 6 თვეში ფერმერი გაასუქებს და გაყიდის“.
პროექტის ძირითად ამოცანებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება და სოფლად დასაქმების ზრდა წარმოადგენს.
პროექტში მონაწილე საფინანსო არგანიზაციები არიან: ბაზის ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი კონსტანტა, კორსტანდარტ ბანკი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო, ლიბერთი ბანკი, პაშა ბანკი, პროგრეს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ, ხალიკ ბანკი. გასული წლის ბოლოს პროექტის პარტნიორებს კაპიტალ ბანკი (ყოფილი ინვესტ ბანკი) და აზერბაიჯანის საერთაშორისო განვითარების ბანკიც დაემატა.